
რუსეთის დელეგაცია, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თანაშემწის ვლადიმერ მედინსკის ხელმძღვანელობით, ჟენევაში ჩავიდა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდია დაგეგმილი.
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციის თვითმფრინავი ჟენევაში თურქეთის, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და იტალიის საჰაერო სივრცეების გავლით ჩაფრინდა.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა გუშინ განაცხადა, რომ ჟენევაში მხარეები გეგმავენ საკითხების უფრო ფართო სპექტრის განხილვას, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე საუბარს. მედინსკის გარდა, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი და სხვა წარმომადგენლები.
ჟენევაში იმყოფება უკრაინის დელეგაციაც, რომელსაც ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კისლიცა და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ სკიბიცკი. აშშ-ს კი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ.
0
0