
„რუსეთის ახალი გეგმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ცვლილებების შესახებ ნატოს შესაძლო გაფართოებას და რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის გამოყენებას ითვალისწინებს,“ - განაცხადა კრემლის გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა.
„გეგმას ამტკიცებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი (ვლადიმერ პუტინი) და მისი კორექტირება შესაძლებელი იქნება, როდესაც შეიცვლება რუსეთის ფედერაციის სამხედრო უსაფრთხოების მიმართ მიმდინარე და ახალი საფრთხეები.
დღევანდელი საფრთხეები მოიცავს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სწრაფვას გაფართოვდეს ფინეთისა და შვედეთის მიღებით, ასევე უკრაინის, როგორც ინსტრუმენტის, გამოყენებით, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის წარმოების მიზნით“,’ - თქვა ვალერი გერასიმოვმა მოსკოვის საინფორმაციო ვებ-საიტ Argumenty i Fakty-სთან საუბრისას.
გასულ კვირას, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვალერი გერასიმოვი უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ხელმძღვანელად დანიშნა. აღნიშნული ცვლილებები ვაშინგტონში მოქმედმა ომის შესწავლის ინსტიტუტმა განიხილა, როგორც კრემლის მცდელობა - “ხელახლა დაადასტუროს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტი ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლაში, შეასუსტოს მტრების გავლენა და გაუგზავნოს სიგნალი ევგენი პრიგოჟინს, რომლის კერძო სამხედრო ძალები („ვაგნერის ჯგუფი“) სულ უფრო თვალსაჩინო როლს ასრულებენ უკრაინაში”.
0
0