11/07/2024
19:50
ტურიზმი
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოში რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეთა ვიზიტების რაოდენობა შემცირდა - ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის მიერ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, 3 მილიონ ვიზიტორს შორის, რუსი ვიზიტორების რაოდენობა 527 ათასს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია. რუსეთი ვიზიტორთა რაოდენობით თურქეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს, ამასთან თურქეთიდან ვიზიტორთა ნაკადი 7%-ით არის გაზრდილი.
ასევე შემცირებულია ვიზიტების რაოდენობა სომხეთიდან (387 ათასი ვიზიტი), რაც წინა წელთან შედარებით 2.4%-ით ნაკლებია. სანაცვლოდ კი გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა ისრაელიდან, რამაც 2024 წლის პირველ ნახევარში 126 ათასი შეადგინა, რაც წლიურად 18%-ით არის მომატებული. შედეგად, ისრაელმა ვიზიტორთა სტატისტიკაში მეხუთე ადგილი დაიკავა.
სტატისტიკის თანახმად, ვიზიტების 38% საჰაერო გზით, 62% კი სახმელეთო გზით განხორციელდა. ამასთან, ყველაზე დატვირთული სასაზღვრო გამშვები ზონა თბილისის აეროპორტი იყო (705 ათასი ვიზიტი), სარფი (583 ათასი ვიზიტი), ყაზბეგი (423 ათასი ვიზიტი) და სადახლო (324 ათასი ვიზიტი).
პერიოდის განმავლობაში ვიზიტორებს შორის 65% მამაკაცი, 35% კი ქალი იყო.
2023 წლიდან მოყოლებული შსს-მ და ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გააუარესა საზღვრის კვეთის სტატისტიკის გამოქვეყნების პრაქტიკა, თუკი წარსულში ქვეყნდებოდა ტურიზმის ყოველთვიური მონაცემები, ახლა მხოლოდ კვარტალური სტატისტიკა საჯაროვდება. შესაბამისად, უცნობია, რომელი თვის განმავლობაში, რამდენი ვიზიტორი იმყოფებოდა საქართველოში.
0
0