
რუსეთი ზელენსკისგან ითხოვს ნეონაცისტური ფორმირებების წევრებს უბრძანოს, შეწყვიტონ წინააღმდეგობა და გაათავისუფლონ მშვიდობიანი მოქალაქეები, – აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა იტალიურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს სურს, უკრაინის აღმოსავლეთში ხალხის უსაფრთხოება უზრუნველვყოს.
„ახლა ზელენსკისაც შეუძლია მშვიდობის დამყარება, თუ ის შეწყვეტს თავისი ნეონაცისტური ბატალიონებისთვის კრიმინალური ბრძანებების გაცემას, აიძულებს მათ გაათავისუფლონ ყველა მშვიდობიანი მოქალაქე და შეწყვიტონ წინააღმდეგობა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა აღნიშნული განცხადება, რომ რუსეთი ვოლოდიმირ ზელენსკისგან დანებებას ითხოვს და არის თუ არა ეს მშვიდობის დამყარების პირობა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ითხოვს მის დანებებას, ითხოვს რომ მან გასცეს ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლების ბრძანება და შეწყვიტოს წინააღმდეგობა.
ლავროვის განცხადებით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ უკრაინაში ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა და არა რეჟიმის შეცვლა.
„ჩვენი მიზანი არ მოიცავს უკრაინაში რეჟიმის შეცვლას. ეს ამერიკული სპეციალობაა. ისინი ამას მთელ მსოფლიოში აკეთებენ. ჩვენ გვინდა, უკრაინის აღმოსავლეთში უზრუნველვყოთ ხალხის უსაფრთხოება, რათა მათ არ დაემუქროთ ამ ქვეყნის არც მილიტარიზაცია და არც ნაციფიკაცია და უკრაინის ტერიტორიიდან არ მოდიოდეს საფრთხე რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
0
0