
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ კრემლში ვარაუდობენ, რომ აშშ-ის ნავთობკომპანიები შესაძლოა რუსეთში დაბრუნდნენ, რუსეთი ასევე დაინტერესებულია არქტიკაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი პროექტებით.
კირილ დმიტრიევი არის სამი დელეგატიდან ერთ-ერთი, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ერ-რიადში ამერიკულ დელეგაციასთან შესახვედრად შეარჩია.
მისი თქმით, მოსკოვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის განახლებას.
„ჩვენ გვჯერა, რომ რაღაც მომენტში ისინი დაბრუნდებიან, რატომ უნდა უარყონ რუსეთის ბუნებრივ რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა, რომელსაც რუსეთი აძლევდა? ერთობლივი პროექტები უნდა ვაკეთოთ, მათ შორის, მაგალითად, არქტიკაშიც, რომლებიც გაცილებით წარმატებულს გაგვხდის“, – განაცხადა დმიტრიევმა და დასძინა, რომ ამერიკულ ნავთობკომპანიებს რუსეთში „ძალიან წარმატებული ბიზნესი“ ჰქონდათ.
„მოსკოვ თაიმსის“ ცნობით, უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე რუსეთში ნავთობს მხოლოდ ერთი მსხვილი ამერიკული კომპანია მოიპოვებდა – Exxon Mobil, რომელსაც „სახალინ-1“-ის პროექტში 30- პროცენტიანი წილი ეკუთვნის. სანქციების დაწესების შემდეგ, კომპანიამ პროექტიდან გასვლა გამოაცხადა, მაგრამ წილის გაყიდვა ვერ შეძლო, რადგან კრემლმა ვადები ორჯერ გაახანგრძლივა. ვადის უკანასკნელი გადავადება 2026 წლის ბოლომდეა.
2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ბაზრიდან გასვლა კიდევ რამდენიმე მსხვილმა ამერიკულმა კომპანიამ – Halliburton, Schlumberger და Baker Hughes-მა გადაწყვიტა. სწორედ მათი დახმარებით შეძლო რუსეთმა ნავთობის მოპოვების აღდგენა. ვლადიმერ პუტინი მოითხოვდა, რომ 2025 წლისთვის რუსეთში ბურღვისა და ნახშირწყალბადების ძიების რუსული ტექნოლოგიების წილი 80 პროცენტამდე გაზრდილიყო, თუმცა, ასეთი აღჭურვილობის ნახევარზე მეტს რუსეთი კვლავ „არამეგობრული“ ქვეყნებიდან მიეწოდება.
0
0