
რუსეთი შეეცადა, გაევრცელებინა ინფორმაცია, თითქოს მე ვთქვი, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ჟურნალისტ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ უკრაინა ომს არ წააგებს. მეორე – ომის მოგება უფრო რთული გახადა, რადგან პუტინს ძალიან არ სურს ამ ომის წაგება და დიდ ძალისხმევას ახორციელებს, რათა არ დამარცხდეს“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე თქმით, უკრაინის მიერ ომში გამარჯვება, ისე, როგორც ეს უკრაინის ხელისუფლებას აქვს განსაზღვრული, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ დარჩეს, ორ ფაქტორზეა დამოკიდებული.
„პირველი ეს არის დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდება, ამ იარაღის რაოდენობა, ხარისხი და რაც მთავარია, დროული მიწოდება. მეორე ფაქტორი ჩვენი ორგანიზაციული ძალისხმევა და შესაძლებლობებია, მიუხედავად დაღლილობისა“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.
არესტოვიჩმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში უკრაინაში აგორებული სკანდალები კრემლის მიერ კოორდინირებული ოპერაციაა, რომელიც რუსეთის დიდი შეტევის წინ მიმდინარეობს.
მისი თქმით, რუსეთის ცდილობს, უკრაინელებს ყურადღება ომიდან სხვა საკითხებზე გადაატანინოს.
„ეს არის დიდი საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაცია, რომელიც მიმდინარეობს უკრაინისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ. ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი მცდელობა, მოიშორონ მნიშვნელოვანი ფიგურები“, – აღნიშნა ალექსეი არესტოვიჩმა.
ამავე გადაცემაში ალექსეი არესტოვიჩი გამოეხმაურა ამერიკული გამოცემა „უოლ სთრით ჯოურნალის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია უკრაინის სამხედრო დაზვერვის თანამშრომლის, სერგეი კირეევის მკვლელობაზე. სტატიის მიხედვით, ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოკლა.
არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ ეს პუბლიკაცია არის მცდელობა, დარტყმა მიიტანონ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროს გენერალ პოკლადზე.
„გენერალი პოკლადი არის პროფესიონალი. ამერიკელები და ბრიტანელები მასთან ჩამოდიან და მისგან სწავლობენ კონტრდაზვერვას. ასე რომ, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, დაარტყან საკვანძო ფიგურას უკრაინის ეროვნული ინტერესების დაცვის სისტემაში. ეს არის მცდელობა, შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, რაც შემდეგ გავლებას მოახდენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე“ – განაცხადა არესტოვიჩმა.
0
0