01/11/2022
11:31
პოლიტიკა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკრაინის მოქალაქეებს ძალით ატოვებინებენ საცხოვრებელ სახლებს ხერსონის ოლქის ქალაქ კახოვკაში. გენშტაბის თანახმად, სახლების დატოვებას აიძულებენ მდინარე დნეპრის გასწვრივ მცხოვრებთ. უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ტერიტორიებს ნაღმავენ და საინჟინრო ნაგებობებს აწყობენ. გენშტაბის მონაცემებით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობით, საკუთარ სახლებს ატოვებინებენ ხერსონის ოლქის დასახლებული პუნქტის, ნოვოჩერნომორიეს მოსახლეობასაც.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტიც(ISW) წერს, რომ რუსეთი ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუსაძლის პირობებს ქმნის, რათა მოსახლეობას ევაკუაცია აიძულოს.
პრეზიდენტ პუტინის მიერ ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულმა ვლადიმირ სალდომ 31 ოქტომბერს განაცხადა, რომ მდინარე დნეპრიდან 15 კილომეტრით გააფართოვეს მოსახლეობის ევაკუაციის ზონა, რადგან უკრაინელი სამხედროები ამზადებენ სარაკეტო დარტყმას კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე და ეს გამოიწვევს მასშტაბურ წყალდიდობას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ნგრევას და ჰუმანიტარულ კატასტროფას.
რამდენიმე დღით ადრე, ხერსონის პრორუსული ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებული იყო.
ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ყურადღებას ამახვილებს სალდოს რადიკალურად განსხვავებულ, წინა განცხადებაზე. ხერსონის ოლქის დე ფაქტო გუბერნატორი 26 ოქტომბერს ამბობდა, რომ კახოვკის ჰესის დანგრევა პრაქტიკულად, შეუძლებელია და დაზიანების შემთხვევაშიც დნეპრში წყლის დონე მხოლოდ 2 მეტრით აიწევს.
ამერიკელი ანალიტიკოსების შეფასებით, სალდოს მერყევი პოზიცია მიუთითებს, რომ მისი ადმინისტრაცია კახოვკის ჰესზე დარტყმის და წყალდიდობის საფრთხეს იყენებს საინფორმაციო ოპერაციისთვის, რომლის მიზანია მოსახლეობას ევაკუაცია აიძულოს და ახსნას ამ ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების შემდგომი უკან დახევაც.
რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები ანექსირებულად გამოაცხადა 2022 წლის 30 სექტემბერს. ოქტომბერში, უკრაინის არმიამ რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლა ხერსონის ოლქის არაერთი დასახლებული პუნქტი.
0
0