
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნას აღიარებული ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. ამის შესახებ მან ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან საუბარში აღნიშნა.
ზელენსკის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასანქციო წნეხის გაზრდა აგრესორი ქვეყნის საბანკო სექტორზე.
„იმედს ვამყარებ ამერიკის შეერთებული შტატების თანადგომაზე სანქციების შემდგომი გამკაცრების კუთხით. ამის გარდა, მივიჩნევ, რომ რუსეთი ოფიციალურად უნდა იქნას ცნობილი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
როგორც ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნა, რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებს.
„რუსეთი სჩადის სამხედრო დანაშაულებს, რომლითაც შეშფოთებულია მთელი მსოფლიო - წამება, მასობრივი დაცხრილვა, გაუპატიურება. ასეთი დანაშაული ევროპას აღარ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“,- განაცხადა ზელენკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინის მხარდაჭერაში ლიდერული პოზიციის დაკავებისთვის მადლობა გადაუხადა. მან აღნიშნა შეერთებული შტატების განსაკუთრებული როლი რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაძლიერებაში, კერძოდ, კონგრესის მიერ რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონების მიღებასა და რუსეთთან და ბელორუსთან სავაჭრო ურთიერთობების შეჩერების საქმეში.
უკრაინის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს სენატი ოპერატიულად დაამტკიცებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად დამატებითი დაფინანსების პაკეტს, რომელიც უკვე განიხილება წარმომადგენელთა პალატაში და გაიზარდა 33 მილიარდი დოლარიდან 39,6 მილიარდ დოლარამდე.
0
0