
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი მარიუპოლში მშვიდობიან მოქალაქეებს დახოცავს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმს ჩაატარებს, უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებს შეწყვეტს.
ზელენსკიმ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, შეხვდეს პუტინს.
"რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, დიახ, მე ვისურვებდი ომის დასრულების დაწყებას. არსებობს დიპლომატიური გზა და არსებობს სამხედრო გზა. ნებისმიერი ჯანსაღი და საღი ადამიანი დიპლომატიურ გზას აირჩევს, რადგან იცის, რომ მაშინაც კი, როცა ეს რთულია, ამან შესაძლოა შეაჩეროს ათასობით, ათიათასობით დანაკარგი და ასეთ მეზობლებთან ერთად, ასიათასობით და შესაძლოა მილიონობით მსხვერპლი",- თქვა ზელენსკიმ.
რუსეთთან მოლაპარაკებებზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ ის რუსეთის სიტყვებს არ ენდობა.
"რუსეთისადმი ნდობა არ არსებობს. რუსეთი და ნდობა - ესენი არა სინონიმები, არამედ ანტონიმებია, რადგან ისინი ამბობენ ერთს და მათი სიტყვები არ შეესაბამება ქმედებებს",- თქვა მან.
0
0