
ბურკინა-ფასოს სამხედრო ლიდერებმა, ელექტროენერგიით მომარაგების გაზრდის მიზნით, რუსეთთან ხელი მოაწერეს შეთანხმებას ატომური ელექტროსადგურის აშენების შესახებ. დასავლელ პარტნიორებთან დაპირისპირების შემდეგ, ეს რუსეთთან მოკავშირეობისთვის ხუნტას მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯია.
როგორც ცნობილია, ბურკინა-ფასო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ელექტრიფიცირებული ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 21%-ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე.
როგორც BBC-ი წერს, რუსეთთან ახალი შეთანხმება იმ მოლაპარაკებების კულმინაციაა, რომლებიც ბურკინაბის სამხედრო მმართველმა იბრაჰიმ ტრაორემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ივლისში, რუსეთ-აფრიკის სამიტის დროს, მოსკოვში გამართა. ტრაორემ პრეზიდენტ პუტინს ბურკინა-ფასოში ატომური ელექტროსადგურის აშენებაში მხარდაჭერა სთხოვა, რომელიც, მისი თქმით, დააკმაყოფილებდა ბურკინა-ფასოსა და მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკულ მოთხოვნებს.
”ჩვენი პოზიცია საკმაოდ სტრატეგიულია, რადგან დასავლეთ აფრიკის ცენტრში ვმდებარეობთ და სუბრეგიონში ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს,” - თქვა იბრაჰიმ ტრაორემ.
შეთანხმება ითვალისწინებს 2030 წლისთვის ბურკინა-ფასოს ქალაქების მომარაგებას ელექტროენერგიის 95%-ით, ხოლო სოფლების - 50%-ით.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ბურკინა-ფასო ელექტროენერგიის უმეტეს ნაწილს ბიოსაწვავებისგან იღებს, როგორიცაა ნახშირი და ხე, ხოლო ნავთობპროდუქტები მთლიანი ენერგომომარაგების მესამედს შეადგენს.
0
0