
3 აპრილს, რუსეთმა უარყო უკრაინული მხარის ბრალდებები, რომ უკრაინის ქალაქ ბუჩაში რუსულმა ძალებმა მშვიდობიანი მოქალაქეები მოკლეს. რუსეთი მიცვალებულთა კადრებსა და ფოტოებს, მიიჩნევს კიევის "პროვოკაციას" და "დადგმულ პერფორმანსს".
უკრაინამ რუსი სამხედროები დაადანაშაულა დედაქალაქ კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ბუჩას მაცხოვრებლების ხოცვაში.
"კიევის რეჟიმის მიერ გამოქვეყნებული ყველა ფოტო და ვიდეო, რომელიც თითქოსდა მოწმობს კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში რუსი სამხედროების "დანაშაულებზე", მორიგი პროვოკაციაა." - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთმა ბუჩას კადრებს უწოდა "დასავლური მედიისთვის კიევის რეჟიმის კიდევ ერთი დადგმული სპექტაკლი ".
ბუჩაში დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ცხედრების სურათებმა დასავლეთის ქვეყნების უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების დასჯისკენ მოწოდებები გამოიწვია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ყველა სამხედრო შენაერთმა ბუჩა 30 მარტს დატოვა და რომ სამოქალაქო პირებს შეეძლოთ ქალაქში გადაადგილება ან ევაკუაცია, სანამ ის რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო.
"იმ დროს, როცა რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებდნენ ამ დასახლებას, არც ერთ ადგილობრივ მცხოვრებს არ განუცდია ძალადობრივი ქმედებები." - რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მოსკოვი მანამდეც უარყოფდა ბრალდებებს, იმის შესახებ რომ მათ სამიზნეს სამოქალაქო პირები წარმოადგენდნენ და ასევე, უარყო ბრალდებები ომის დანაშაულებზე.
შეგახსენებთ, რომ 3 აპრილს უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს.
მარიუპოლი ჯერაც ალყაშია, სადაც ხალხი სარდაფებში, შიმშილით და უწყლობით იხოცება. მათ ნაწილს რუსი ჯარისკაცები თავისივე სახლებში კლავენ.
0
0