27/10/2022
10:39
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა ანდრეი კელინმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს არ გამოიყენებს.
CNN-ის ჟურნალისტ კრისტიან ამანპურთან ინტერვიუში, კელინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს ქვეყნების თავდაცვის უწყების წარმომადგენლები დაარწმუნა, რომ საომარი მოქმედებების დროს „ბინძური ბომბი“ არ იქნება გამოყენებული.
„რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას, ეს გამორიცხულია,“ - აღნიშნა კელინმა.
მანამდე კი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნების მონიტორინგი ჩაატარა. რუსული სამხედრო ძალების წვრთნების დროს, პლესეცკის კოსმოდრომიდან „იარსის“ [სტრატეგიული სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო სისტემა] კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ხოლო „სინევას“ ბალისტიკური რაკეტა – ბარენცის ზღვის აკვატორიიდან კამჩატკაზე, კურას პოლიგონზე, გამოიცადა.
კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხედრო წვრთნების დროს ყველა დავალება შესრულდა და ყველა რაკეტამ, რომელიც გამოიცადა, სამიზნეები წარმატებით გაანადგურა.
0
0