
რუსეთმა აშშ სტამბოლში გამართულ დიპლომატიური მოლაპარაკებებისადმი არაკონსტრუქციულ მიდგომაში დაადანაშაულა, თუმცა განაცხადა, რომ თურქეთის ქალაქი ასეთი შეხვედრების გასამართად მოსახერხებელი ადგილია.
როგორც ცნობილია, 9 დეკემბერს, რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა მხარეებს შორის ურთიერთობების ტექნიკური საკითხების განსახილველად სტამბოლში შეხვედრა გამართეს.
„სტამბოლი მოსახერხებელი ადგილია ასეთი შეხვედრების გასამართად. შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია სასარგებლოა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ ამერიკული მხარის კონსტრუქციულ მიდგომას, რომელიც მიმართული უნდა იყოს კონკრეტულ შედეგებზე“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ერთ-ერთ მთავარ შუამავალს წარმოადგენდა, ერთი მხრივ, უკრაინასა და რუსეთს, მეორე მხრივ, უკრაინასა და დასავლეთს შორის.
დიპლომატების თქმით, ერდოღანმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პუტინის დარწმუნებაში, რომ გაეგრძელებინა მონაწილეობა შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შესახებ (გაეროს შუამავლობით გაფორმებულ) შეთანხმებაში მას შემდეგ, რაც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა მოხდა.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და ვაშინგტონი გლობალური სტაბილურობის მთავარ საფრთხედ ერთმანეთს საჯაროდ მიიჩნევენ, ორ მხარეს შორის კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე მაინც არსებობს.
0
0