05/10/2023
11:15
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზა გაჩნდება, შესაბამისი ხელშეკრულება რუსეთსა და აფხაზეთს შორის უკვე გაფორმებულია, განაცხადა აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში.
„ჩვენი დღესასწაულის დღეს [ქართულ-აფხაზეთის ომში გამარჯვების 30 წლისთავის საპატივცემულოდ, 30 სექტემბერი – რედ.] ჩვენთან მოვიდა პატარა სარაკეტო ხომალდი, ძალიან თანამედროვე გემი სერიოზული საბრძოლო შესაძლებლობებით. ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში რუსეთის საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება ოჩამჩირის რაიონში“ - განაცხადა ბჟანიამ.
თბილისთან ურთიერთობაზე საუბრისას აფხაზეთის ლიდერმა ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„ურთიერთქმედება ხდება ერთი მიმართულებით - ეკონომიკის, ინგურჰესის კუთხით. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ ამ სადგურზე, კაშხალი მდებარეობს საქართველოს ტერიტორიაზე, თავად სადგური კი აფხაზეთის ტერიტორიაზეა. რაც შეეხება სხვა ასპექტებს, ჟენევის დისკუსიების გარდა, კონტაქტები პრაქტიკულად არ არის“, - განაცხადა მან.
ბჟანიამ გაიმეორა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატისტები“ არიან.
„როგორც მეჩვენება, საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობა, ვგულისხმობ პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს, და არა საქართველოს პრეზიდენტის, პრაგმატული ხალხია და ამ თვალსაზრისით, ასე ვთქვათ, ასეთი დიდი პრობლემები არ ყოფილა. მაგრამ ხანდახან ხდება, რომ არა იმდენად ქართული, რამდენადაც ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები არღვევენ საჰაერო სივრცეს, ჩვენ აღვნიშნავთ ამ საკითხს. მაგრამ, ცხადია, რომ ეს დაზვერვა ხორციელდება შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების და გარკვეულწილად საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე“ - განაცხადა ბჟანიამ.
მანვე დასძინა, რომ „საქართველოს ხელმძღვანელობა სათანადო ყურადღებას უთმობს შეიარაღებულ ძალებს და აფხაზეთის ტერიტორიების და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების დაბრუნების საკითხი დღის წესრიგიდან არავის მოუხსნია“.
0
0