
რუსეთმა უკრაინის პრეზიდენტის სამსაფეხურიან სამშვიდობო წინადადებაზე უარი განაცხადა.
კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, უკრაინა ახალ „რეალობას“ უნდა შეეგუოს, მათ შორის რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დაკავებას.
„უკრაინის წინადადება არის საომარი მოქმედებების გაგრძელებისკენ გადადგმული სამი ნაბიჯი. უკრაინულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს ის რეალობები, რომლებიც ამ დროის განმავლობაში შეიქმნა“, - თქვა პესკოვმა, როდესაც მას უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესახებ ჰკითხეს.
„ეს რეალობა მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციაში ახალი სუბიექტები გამოჩნდნენ“, - თქვა მან. პესკოვმა რუსეთის მიერ ანექსირებული უკრაინის ოთხი ოლქი იგულისხმა.
12 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდა, უზრუნველყონ უკრაინის სამხედრო აღჭურვილობა და მხარდაჭერა ფინანსური და ენერგეტიკული სტაბილურობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრისთვის.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს, მას ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება სურს. იმავდროულად, უკრაინამ უარი განაცხადა ამ ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობაზე და აცხადებს, რომ მისმა მოწინააღმდეგემ ქვეყნის ყველა ნაწილი უნდა დატოვოს.
0
0