01/07/2023
18:39
მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანურ მედიასთან საუბარში ამბობს, რომ ერთ დღეს რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ააფეთქებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ რუსეთი ააფეთქებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ზელენსკი პასუხობს, რომ უკრაინის დაზვერვისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე ტერორისტული აქტის სცენარს განიხილავს.
„ჩვენმა დაზვერვამ იცის, რომ რუსეთს აქვს გეგმები ქარხანაში რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის პროვოცირებაზე. ეს მათი სტრატეგიის ნაწილია კონფლიქტის გაყინვისთვის, ისევე როგორც კახოვკის ჰესის კაშხლის აფეთქება. თუ ჩვენ შევძლებთ კონტროლის გადაცემას IAEA-ზე, ისინი მას დისტანციურად ააფეთქებენ, რადგან მათ უნდა მოიგონ დრო ხალხის დასაკომპლექტებლად და კიდევ უფრო მეტი იარაღის შესაქმნელად, შემდეგ კი კვლავ შეეცადონ ჩვენს წაშლას დედამიწიდან,“ - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული, ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება რისკის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა 6 ივნისიდან, ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხლის დანგრევის შემდეგ. წყლის მიწოდება შეუმცირდა წყალსაცავს, რომელსაც ატომური ელექტროსადგურის სისტემების გასაგრილებლად იყენებენ.
⭕ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული
⭕ რუსეთი და უკრაინა პერიოდულად ერთმანეთს ადანაშაულებენ სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში
⭕ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური
ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა
⭕ ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის „ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება“
0
0