
თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, შესაძლოა, ამ კვირაში დასრულდეს. ამის შესახებ გამოცემა „ჰილი“ წერს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დარწმუნებულია თავის შესაძლებლობაში, მიაღწიოს შეთანხმებას რუსეთთან უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად.
„პრეზიდენტი და მისი გუნდი ფოკუსირებული არიან კონფლიქტის დასასრულებლად ამ ომის ორივე მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამის მიღწევა ამ კვირაში შეგვიძლია“, – განაცხადა ლევიტმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კონსერვატიული პოლიტიკური კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ.
ლევიტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, მაიკ უოლცი ამ შაბათ-კვირას „24 საათის განმავლობაში“ იმუშავებს შეთანხმებაზე. მისივე თქმით, აშშ-ის სახაზინო მდივანი სკოტ ბესენტი ჩართულია უკრაინელებთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების განხილვაში.
„რაც შეეხება კრიტიკულ მინერალებს, ეს პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტისთვის, რადგან ეს ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხების დაბრუნებას უზრუნველყოფს. ეს ასევე იქნება შესანიშნავი ეკონომიკური პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინელ ხალხს შორის, როდესაც ისინი თავიანთ ქვეყანას ამ სასტიკი ომის შემდეგ აღადგენენ“,- განაცხადა ლევიტმა.
0
0