-share.jpg)
საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა სატვირთო მანქანებისთვის კვლავ დაკეტილია. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.
ჩრდილოეთ ოსეთის სატრანსპორტო მოძრაობის ორგანიზაციის ცენტრის ვებგვერდზე ნათქვამია, რომ სატვირთო მანქანების რაოდენობამ, რომლებიც რუსეთისგან ელოდებიან მოძრაობის აღდგენას, თითქმის ორი ათასს მიაღწია.
ელექტრონული რიგის მიხედვით, ხუთშაბათს, დილის მდგომარეობით, რუსეთის ფედერაციის საქართველოს მიმართულებით გასასვლელად 1989 სატვირთო მანქანა დარეგისტრირდა.
19 ნოემბერს, დილით, დიდთოვლობის გამო, გზაზე სატვირთო მანქანების მოძრაობა შეჩერდა, საღამოს კი ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ოთხშაბათს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა დაშვებულია.
„ზემო ლარსის“ გზა არის ერთადერთი აქტიური სახმელეთო გზა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან.
0
0