09/12/2022
17:04
მსოფლიო
ცნობილ რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ილია იაშინს 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მანამდე კი იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის არმიის შესახებ „ყალბი ინფორმაციის“ გავრცელებაში.
იაშინს ბრალდება წაუყენეს აპრილში გამოქვეყნებული YouTube-ის ვიდეოს გამო, რომელშიც ის განიხილავდა დასავლელი ჟურნალისტების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს ბუჩაში, კიევის მახლობლად, რუსების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულების შესახებ. მან ეჭვი შეიტანა მოსკოვის ოფიციალურ ვერსიაზე, რომლის მიხედვით, ასეთი ცნობები შეთხზული იყო, როგორც რუსეთის წინააღმდეგ მიმართული "პროვოკაციის" ნაწილი.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ახალი კანონი დაამტკიცა, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას სამხედრო მოსამსახურეების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. მიმდინარე კვირაში სასამართლოს წინაშე იაშინმა თავის საბოლოო განცხადებაში ვლადიმერ პუტინი მოიხსენია, როგორც „ბუჩაში ხოცვა-ჟლეტაზე პასუხისმგებელი პირი“ და მოუწოდა პრეზიდენტს, „შეეწყვიტა ეს სიგიჟე“.
კიდევ ერთი დაპატიმრებული რუსი ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ილია იაშინის დაპატიმრებას Tweeter-ში გამოეხმაურა: „პუტინის სასამართლოს მიერ გამოტანილი კიდევ ერთი უსირცხვილო და უკანონო განაჩენი ილიას ვერ გააჩუმებს და ვერც რუსეთის პატიოსან ხალხს შეაშინებს. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ გავიმარჯვებთ“
0
0