15/02/2023
12:05
მსოფლიო
რუსეთის ქალაქ ბარნაულის სასამართლომ ჟურნალისტ მარია პონომარენკოს ექვსწლიანი პატიმრობა მიუსაჯა მარიუპოლის დრამატულ თეატრზე სარაკეტო დარტყმის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო.
სასამართლომ მას ასევე აუკრძალა ხუთი წლით ჟურნალისტური საქმიანობა.
ბარნაულის სასამართლომ გამოცემა RusNews-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნო რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების მუხლით. ბრალდების მხარე პონომარენკოსთვის ცხრაწლიან პატიმრობას ითხოვდა.
დასკვნით სიტყვაში ჟურნალისტმა განაცხადა, რომ სასჯელის შემსუბუქების იმედი არ აქვს, თუმცა თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
პონომარენკოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა 2022 წლის აპრილში შეეფარდა. ნოემბერში ის შინაპატიმრობაში გადაიყვანეს. რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელებაში ის „ტელეგრამ-არხში“ გამოქვეყნებული პოსტის გამო დაადანაშაულეს. ჟურნალისტი მარიუპოლის დრამატულ თეატრში მყოფი მოქალაქეების შესახებ წერდა.
რუსეთი მარიუპოლის დრამატული თეატრის დაბომბვას უარყოფს. რუსეთის ავიადარტყმის შედეგად განადგურებულ თეატრს ასობით მოქალაქე აფარებდა თავს. ეუთო-სა და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ ანგარიშების თანახმად, თეატრზე სარაკეტო იერიში რუსულმა მხარემ მიიტანა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების ბრალდებით, რვა წლითა და ექვსი თვით პატიმრობა აქვთ მისჯილი ოპოზიციონერ ილია იაშინს და შვიდი წლით პატიმრობა – ალექსეი გორინოვს.
0
0