
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ ყოფილ რედაქტორს, მარინა ოვსიანიკოვას დაუსწრებლად 8,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით დამნაშავედ ცნეს.
ოვსიანიკოვას სახელი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ, ის საინფორმაციო გამოშვება „ვრემიას“ ეთერში ომის საწინააღმდეგო პლაკატით გამოჩნდა. მოგვიანებით, 2022 წლის ივლისში მან პიკეტი გამართა პლაკატით, რომელზეც უკრაინაში მოკლული ბავშვების ფოტოები იყო, პლაკატზე წარწერაში კი პუტინი მკვლელად იყო მოხსენიებული. ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
„352 ბავშვი დაიღუპა. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა მოკვდეს, რომ თქვენ გაჩერდეთ?“, – ეწერა პლაკატზე.
პროკურატურის მტკიცებით, თავისი ქმედებით ოვსიანიკოვამ „საზოგადოებაში რუსეთის შეაიარაღებული ძალებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების რეალური საფრთხე შექმნა“. ჟურნალისტი დააკავეს და შინაპატიმრობა შეუფარდეს, თუმცა მოგვიანებით ის შვილთან ერთად რუსეთიდან გაიქცა.
თავად მარინა ოვსიანიკოვა ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. სასამართლო სხდომამდე ერთი დღით ადრე მან ტელეგრამარხში განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც თქვა, რომ არცერთ თავის სიტყვაზე უარს არ ამბობს.
„ჩემს ბრალს მე, რა თქმა უნდა, არ ვაღიარებ და უარს არ ვამბობ არცერთ ჩემს სიტყვაზე. მე ცხოვრებში გავაკეთე ძალიან მძიმე, თუმცა ერთადერთი სწორი, მორალური არჩევანი და უკვე გადავიხადე ამისთვის საკმაოდ დიდი საფასური. სასჯელი ჩემთვის გახდა დევნა – უცხო ქვეყანაში ცხოვრება, ოჯახის, მეგობრების, სახლის, სამსახურის გარეშე და რაც მთავარია, სამშობლოში დაბრუნებისა და ახლობლების ჩახუტების შესაძლებლობის გარეშე“, – დაწერა ოვსიანიკოვამ.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინაში მოკლული ბავშვების შესახებ ინფრომაციას რეგულარულად აქვეყნებს გაერო-ს ვებგვერდი, რომლიც რუსეთში არ არის ბლოკირებული, ვინაიდან რუსეთი რჩება ამ საერთაშორისო ორგანიზაცისი წევრი.
„ზოგჯერ ვეკითხები საკუთარ თავს – შემეძლო თუ არა გაჩუმება? არა, არ შემეძლო, რადგან აგრესიის დროს დუმილი ნიშნავს, გახდე დანაშაულის თანამონაწილე“, – განაცხადა რუსეთის „პირველი არხის“ ყოფილმა რედაქტორმა.
0
0