
რუმინეთის დედაქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმების წინააღმდეგ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ორგანიზებული მორიგი ანტისამთავრობო დემონსტრაცია გაიმართა, რომელშიც ათობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ბუქარესტში მთავრობის სახლთან შეკრებილი აქციის მონაწილეები ანტისამთავრობო ლოზუნგებს სკანდირებდნენ და მხარდაჭერას უცხადებდნენ პრეზიდენტობის კანდიდატ კალინ ჯორჯესკუს, რომელმაც გასული წლის ბოლო გამართული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.
აქციის ორგანიზატორი ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ალიანსი რუმინელების ერთიანობისთვის“ იყო, რომლის ლიდერმა, ჯორჯე სიმიონმა დემონსტრანტებს მიმართა და ხელისუფლება არჩევნების მოპარვაში და დემოკრატიის გათელვაში დაადანაშაულა.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მიიღო თავად ჯორჯესკუმაც, რომლის წინააღმდეგაც რუმინეთის პროკურატურამ მიმდინარე კვირას გამოძიება დაიწყო.
მანამდე, პარასკევს, ულტრამემარჯვენე ოპოზიციური ჯგუფების ინიციატივით, პარლამენტში მმართველი კოალიციის ნდობის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა, თუმცა ხელისუფლების ოპონენტებმა უნდობლობის გამოსაცხადებლად საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მოაგროვეს.
რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები 24 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც, ყველასთვის მოულოდნელად, 22%-ით ულტრამემარჯვენე კანდიდატმა, კალინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები მეორე ტურამდე ორი დღით ადრე, 6 დეკემბერს გააუქმა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ შედეგის ბათილად ცნობის გადაწყვეტილება მიიღეს სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც არჩევნების პირველ ტურზე რუსეთის გავლენას ადასტურებს.
რუმინეთში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები 4 მაისს არის დანიშნული. გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ჯორჯესკუ ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
0
0