
რუმინეთმა გერმანულ თავდაცვის კომპანია Rheinmetall-თან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ცენტრალურ რუმინეთში დენთის ქარხნის აშენების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანი რუსეთიდან მომავალი საფრთხისთვის მზადება და გადაიარაღებაა.
შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ილიე ბოლოიანმა რუმინეთის სახელმწიფოსა და ევროპის უმსხვილესი იარაღის მწარმოებლის თანამშრომლობით ერთობლივი საწარმოს შექმნა დადებითად შეაფასა, როგორც ნიშანი იმისა, რომ რუმინეთი „სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის სექტორში პოტენციალის მქონე მოთამაშედ ყალიბდება“.
„ბრაშოვის ოლქის ქალაქ ვიქტორიაში, 535 მილიონი ევროს ღირებულების ქარხნის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2026 წელს დაიწყება და სამი წელიწადში დასრულდება. შეიქმნება 700-მდე ადგილობრივი სამუშაო ადგილი. რუმინეთი შეეცდება, ევროპული SAFE მექანიზმის მეშვეობით, საომარი მზადყოფნის მიზნით, თავდაცვის სექტორი დააფინანსოს. მრავალი წლის წინ, ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე მოთხოვნა მცირე იყო, ახლა კი - აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების შემცირების გამო რუმინეთი ახალ ეტაპზე გადადის. მოხარული ვარ, რომ Rheinmetall-ი ჩვენში მნიშვნელოვან და სერიოზულ პარტნიორს ხედავს და აძლიერებს თავის ყოფნას რუმინეთში,“ - განაცხადა ბოლოიანმა.
Rheinmetall-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, არმინ პაპერგერმა, განაცხადა, რომ ქარხანაში წარმოებული საბრძოლო მასალის ფხვნილი „საჭიროა მთელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით ევროპისთვის“ და ის რუმინეთს კონტინენტის თავდაცვის ეკოსისტემის მთავარ მოთამაშედ აქცევს.
„სტრატეგია რუმინეთის ევროპული ეკოსისტემის განუყოფელ ნაწილად გადაქცევაა. რუმინეთი ასევე იქნება ნატოს ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი“, - თქვა პაპერგერმა.
როგორც The Associated Press-ი წერს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა, 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, რუმინეთმა ნატოში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ქვეყანამ უკრაინას Patriot-ის სარაკეტო სისტემა გადასცა და მოკავშირე ქვეყნების, მათ შორის უკრაინის, F-16 გამანადგურებელი პილოტებისთვის საერთაშორისო სასწავლო ცენტრი გახსნა.
0
0