17/07/2023
20:43
საზოგადოება
“შეიძლებოდა, უფრო სხვა ფორმითაც მოვსულიყავი, მაგრამ ახლა ვიკინგობა ვარჩიე. ეს რქებიც რაღაც საბრძოლო ჟინთან ასოცირდება”, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან აბიტურიენტი, რომელმაც დღეს, 17 ივლისს, თბილისის 177-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ისტორიის გამოცდა ჩააბარა. ადგილზე კი განსაკუთრებულად გამოწყობილი გამოცხადდა.
“პირველად და საბოლოოდ ვაბარებ, ამიტომ მინდოდა, რომ ისტორიის გამოცდაზე განსაკუთრებულად ვყოფილიყავი. ამით თავიც გავიხალისე, სხვებსაც განწყობა ავუმაღლე და მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ ყველაფრით, დამკვირვებლებმაც კი ფოტოები გადაიღეს ჩემთან ერთად”, –ამბობს აბიტურიენტი.
“რაც შეეხება გამოცდას – ძალიან მარტივი იყო. თემები თითქმის ყველა ეპოქას მოიცავდა, როგორც თანამედროვე ისტორიას, მეორე მსოფლიო ომს და სსრკ-ის გარშემო არსებულ თემებს, ისე უფრო ადრეულ პერიოდს, შუა საუკუნეებს, საეკლესიო კრებებს, ოსმალეთს და ა.შ. სულ ესაა რაც მახსოვს”, – აღნიშნა მან.
ისტორიას აბიტურიენტები ორი დღის განმავლობაში ჩააბარებენ. ეს საგანი წელს 22 600-მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული და არჩევით საგნებს შორის პირველ ადგილზეა.
0
0