
"ოლიმპიური ისტორიის გარეშე არ მინდოდა პროფესიონალურ კრივში გადასვლა," - ამის შესახებ ოლიმპიური ბრინჯაოს მედლის მფლობელმა, მოკრივე ლაშა გურულმა, "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "ჩემპიონები" ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ სწორედ ლაშა გურულმა შეძლო 24-წლის შემდეგ, ოლიმპიურ თამაშებზე აღნიშნულ სპორტის სახეობაში მედლის მოპოვება. ქართველმა მოკრივემ ოლიმპიადაზე (63,5 კგ) მეოთხედფინალურ შეხვედრაში ყაზახი მეტოქე ბაზარბაი მუჰამედსაბირი დაამარცხა და, ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ, გახდა პირველი ქართველი, რომელმაც კრივში ოლიმპიური პრიზი მოიპოვა.
გადაცემაში გურულმა პროფესიონალურ კრივში ჩატარებულ დებიუტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროფესიონალურ კრივში მას შემდეგ გადავიდა, რაც ოლიმპიური მედალოსანი გახდა. მისივე თქმით, სურდა, რომ პროფესიონალურ კრივში დებიუტი მის ქალაქში (რუსთავში) ჩატარებული და ეს ასეც მოხდა.
რაც შეეხება მის მიზნებს, სპორტსმენის თქმით, მიზანი მსოფლიო და აბსოლუტური ჩემპიონობაა.
"მთელი ეს სამოყვარულო და ოლიმპიური კარიერა იმისთვის არის, რომ, პირველ რიგში, ჩემი ქვეყანა ვასახელო. მინდოდა ოლიმპიურ სახეობაში მომეტანა ჩემი ქვეყნისთვის ოლიმპიური მედალი, რაც ნამდვილად შევძელი. ამ ყველაფრის გაგრძელება კი არის პროფესიონალური კრივი. პროფესიონალურ კრივში გადავედი იმის გამო, რომ გავხდი ოლიმპიური მედალოსანი, ოლიმპიური ისტორიის გარეშე არ მინდოდა პროფესიონალურ კრივში გადასვლა. გავხდი ოლიმპიური პრიზიორი და შემდეგ უკვე დებიუტი ვიხილეთ ჩემს ქალაქში. ჩვენ გვქონდა არჩევანი, შემეძლო ამერიკაში, დუბაიში, ინგლისში, მაგრამ გავაკეთე არჩევანი და ქართველ ხალხს და ჩემს ქალაქს მივუძღვენი ჩემი დებიუტი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ გვერდში დამიდგებოდა ჩემი ქალაქი, გულშემატკივარი და მინდოდა, რომ მშობლიურ ქალაქში ყოფილიყო ამხელა ღონისძიება და როგორც ოლიმპიურმა პრიზიორმა, კარიერის ისტორია დავიწყე ჩემს ქალაქში. როცა მსოფლიოს ჩემპიონი და აბსოლუტური ჩემპიონი გავხდები, ისტორიაში ყოველთვის ეწერება, რომ ჩემი პირველი პროფესიული ბრძოლა ჩატარდა ჩემს ქალაქში.
ახლა მივიჩნევ, რომ ძალიან კარგი გუნდი მყავს, ძალიან კარგი პროექტი არის და ჩვენი მიზანი იქნება, რომ გავხდეთ, პირველ რიგში, ერთ ვერსიაში, მსოფლიო ჩემპიონი, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე და საბოლოოდ, აბსოლუტური ჩემპიონი, მომავალი გვიჩვენებს," - აღნიშნა ლაშა გურულმა.
ცნობისთვის, ლაშა გურულმა პროფესიონალურ კრივში კარიერაში ჩატარებული პირველი ბრძოლა მოიგო. რუსთავში გამართულ Martlab boxing promotion-ის ღონისძიებაზე გურულმა განელი ბერნარდ აბეი დაამარცხა.
0
0