
9 აპრილის მემორიალთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინა დაპირისპირება იყო დემონსტრანტებსა და თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს შორის.
აქციის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" წევრს მემორიალთან მისვლისა და მისი ყვავილებით შემკობის საშუალება არ მისცეს.
"მე როდესაც მოვდივარ მოქალაქე და მინდა, რომ ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო და ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან, უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია.
ასეთ სიბინძურეებს აკეთებენ ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ამათ დონეზე არ დავეცემი და არც ერთი ჩვენი გუნდის წევრი არ დაეცემა, მაგრამ მთელი საქართველო ხედავს ეს ადამიანები რას აკეთებენ აქ.
სახეში იფურთხებოდნენ. მარტო ვარ მოსული ამდენ კაცთან, ყვავილებით ხელში და ასე იქცევიან. ეს ჩემი შეურაცხყოფა არ არის, ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა, პირველ რიგში საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას", - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.
0
0