
პაპმა ლეო XIV-მ, ვატიკანში, მსოფლიო დიპლომატებისადმი თავის პირველ მიმართვაში განაცხადა, რომ დიპლომატები მიგრანტების ღირსებას პატივისცემით უნდა მოეპყრან და ასევე მოუწოდა ქვეყნებს, შეწყვიტონ იარაღის წარმოება და პრიორიტეტი სამშვიდობო ძალისხმევას მიანიჭონ.
რომის პაპმა, რომელიც წარმოშობით ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა და მრავალი წლის განმავლობაში პერუში ცხოვრობდა, თავი „იმიგრანტების შთამომავლად“ მოიხსენია და მსოფლიო ლიდერებს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ თანაგრძნობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდა.
პაპმა ლეო XIV-მ კიდევ ერთხელ გაიმეორა ეკლესიის ტრადიციული სწავლება ქორწინების შესახებ. მან დაადასტურა, რომ ეს არის „მამაკაცსა და ქალს შორის სტაბილური კავშირი“ და ხაზი გაუსვა ოჯახის, როგორც საზოგადოებაში ჰარმონიის საფუძვლის, მნიშვნელობას. ლეო XIV მშვიდობის, სამართლიანობის, რელიგიური თავისუფლების, კონფლიქტების გამომწვევი ძირითადი მიზეზებისა და მრავალმხრივი დიპლომატიის აუცილებლობის თემებს შეეხო.
,,ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ცხოვრებამ და მსოფლიო მოგზაურობის გამოცდილებამ მომცა შესაძლებლობა, გადამეკვეთა საზღვრები და შევხვედროდი სხვადასხვა ხალხსა და კულტურას. მე გავაგრძელებ ჩემი წინამორბედების ტრადიციას და ვიმოგზაურებ მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ეკლესიის პოზიციას აბორტის წინააღმდეგ - ეკლესია უყოყმანოდ გამოიყენებს „უკმეხ ენას“ და თავის შეხედულებებს მტკიცედ გამოხატავს მსოფლიო ლიდერების წინაშეც კი,’’ - თქვა რომის პაპმა.
სიტყვით გამოსვლისას, რომის პაპმა კონკრეტულად მხოლოდ ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა ახსენა და თქვა, რომ ეს ორი ადგილია, სადაც ხალხი დღეს „ყველაზე მეტად“ იტანჯება.
0
0