
რომის პაპმა ფრანცისკემ ინდონეზიის პოლიტიკურ ლიდერებს რელიგიური ექსტრემიზმისგან საზოგადოების დაცვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, რელიგიური ექსტრემიზმი, „მოტყუებისა და ძალადობის გზით“, ადამიანების რელიგიურ რწმენას ამახინჯებს.
„ექსტრემიზმის აღმოფხვრის მიზნით, კათოლიკური ეკლესია რელიგიათაშორისი დიალოგისკენ მიმართულ ძალისხმევას გაზრდის. ამ გზით, შესაძლებელია ცრურწმენების აღმოფხვრა და ურთიერთპატივისცემისა და ნდობის კლიმატის გაზრდა. ეს აუცილებელია საერთო გამოწვევების გასამკლავებლად, მათ შორის ექსტრემიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, რომელთა მიმდევრები, მოტყუებით, ძალადობით და რელიგიის დამახინჯების გზით, თავიანთი შეხედულებების დამკვიდრებას ცდილობენ. დადგა დრო, როდესაც, მშვიდობის დამყარების, პატივისცემის, თანამშრომლობისა და ძმობის განმტკიცების ნაცვლად, ღვთისადმი რწმენა... სამწუხაროდ, განხეთქილების გაღვივებისა და სიძულვილის გაზრდისთვის მანიპულირების საგანია”, - განაცხადა რომის პაპმა ფრანცისკემ ჯაკარტაში, პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილი 300 პოლიტიკოსისა და რელიგიური ლიდერის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ რომის პაპს ისრაელ-ღაზას ომის მონაწილეებისთვის ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.
„ინდონეზია აფასებს ვატიკანის დამოკიდებულებას, რომელიც კონფლიქტურ მხარეებს პალესტინაში მშვიდობის დამყარებისკენ კვლავ მოუწოდებს და მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას“, - თქვა ვიდოდომ, რომელიც 10-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ, ოქტომბერში, თანამდებობას დატოვებს.
რომის პაპი ფრანცისკე ინდონეზიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 12-დღიანი ტურნეს ფარგლებში, იმყოფება.
ინდონეზიის მოსახლეობა 280 მილიონამდე ადამიანს მოიცავს, რომელთაგან 87% მუსლიმია. რელიგიის თავისუფლება ქვეყნის კონსტიტუციით გარანტირებულია. ბოლო წლებში, ქვეყანაში ექსტრემისტული ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 2021-2022 წლებში მომხდარი ტერორისტული თავდასხმები „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შთაგონებულ დაჯგუფება Jamaah Ansharut Daulah-ს უკავშირდება.
0
0