
რომის პაპი ფრანცისკე ინდონეზიას, პაპუა ახალ გვინეას, ტიმორ-ლესტესა და სინგაპურს ეწვევა. 12-დღიანი ტურნეს ფარგლებში, ის განიხილავს გარემოსდაცვით საკითხებს და რელიგიათაშორისი დიალოგის მნიშვნელობას. ტიმორ-ლესტე ერთადერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, რომელიც, ძირითადად, კათოლიკურია. ტიმორ-ლესტეს დედაქალაქ დილში ფრანცისკე წირვას აღავლენს.
რომის პაპი ჯაკარტაში 3 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 11:30 საათზე ჩავა და ინდონეზიის დედაქალაქის მთავარ მეჩეთს ეწვევა. როგორც ცნობილია, ფრანცისკეს ტურნე, თავდაპირველად, 2020 წელს იყო დაგეგმილი და პანდემიის გამო გადაიდო.
„დღეიდან, აზიისა და ოკეანიის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობას ვიწყებ. გთხოვთ, ილოცეთ, რომ ამ მოგზაურობამ ნაყოფი გამოიღოს“, - წერს ფრანცისკე X-ზე.
როგორც ჯაკარტას მეჩეთის დიდმა იმამმა, ნასარუდდინ უმარმა, AP-ს განუცხადა, ის იმედოვნებს, რომ რომის პაპის ვიზიტის ფარგლებში, „მხარეები განიხილავენ რელიგიურ თემებს შორის არსებულ საერთო საფუძველს და ხაზი გაესმება რელიგიების, ეთნიკური უმცირესობებისა და რწმენის ერთობას.“
პაპუა-ახალი გვინეის ქალაქ ვანიმოში მოღვაწე არგენტინელი მისიონერი მიგელ დე ლა კალე იმედოვნებს, რომ პაპის ვიზიტი "მნიშვნელოვნად გაზრდის" ამ ტერიტორიაზე არსებულ ევანგელიზაციის მცდელობებს.
რომის პაპი ტურნეს სინგაპურში დაასრულებს, სადაც მოსახლეობის სამი მეოთხედი ეთნიკურად ჩინელია. როგორც BBC-ი წერს, ეს ვიზიტი ფართოდ განიხილება, როგორც ჩინეთთან კავშირების გაუმჯობესების მცდელობა.
მოგზაურობის დროს ფრენსისს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ექიმი და ორი ექთანი გაჰყვება. გასული წლის ნოემბერში, რომის პაპი, ფილტვების ანთების გამო, დუბაიში, გაეროს კლიმატის ყოველწლიურ შეხვედრას ვერ დაესწრო.
0
0