
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, დღეს, 14 აგვისტოს ჟურნალისტებთან საუბრისას, თავის გუშინდელ განცხადებასთან - შოვში სტიქიის ზონაში ვერტმფრენების არშეშვებასთან დაკავშირებით - განმარტება გააკეთა.
მან კვლავ გაიმეორა, რომ ვერტმფრენებს, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია, აქვს ღამის ხედვის სისტემა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ღამით დრონების საშუალებით უფრო მარტივი იყო სამაშველო ღონისძიებების განხორციელება, ვიდრე ვერტმფრენებით.
„ვერტმფრენი ჩამოვიდა დღე, დღე მოხდა მონიტორინგი. 2 ვერტმფრენი იყო. მოხდა ადამიანების გამოყვანა, რომლებიც მოხვდნენ შუაში კუნძულზე. იქ რომ დაშავებულიყო ვინმე და ვერ ამოგვეყვანა იმიტომ, რომ ვერ შეფრინდა ვერტმფრენი, ეგ თემა მოხსნილია საერთოდ“, - განაცხადა გომელაურმა.
შს. მინისტრის თქმით, თუკი სტიქიის ზონაში ჩარჩენილ ადამიანებს ღამის განმავლობაში აღმოაჩენდნენ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ, შევიდოდნენ სპეცტექნიკით და თუკი სხვა გზა არ დარჩებოდა, ამ შემთხვევაში გამოიყენებდნენ სამაშველო ვერტმფრენებს, რადგან, მისივე თქმით, ღამით გარისკვა არ ღირდა, თუკი იმ მომენტში ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.
„რომ შემეშვა ღამით ვერტმფრენი, ამოეყვანათ ბავშვები და ჩამოვარდნილიყო ვერტმფრენი, მერე რას იტყოდნენ?!“, - აღნიშნა გომელაურმა.
0
0