23/08/2025
12:38

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი და კიდევ ორი სამხედრო მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ სამ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტის ჯეფრი კრუზის გათავისუფლების მიზეზი უცნობია. როგორც სააგენტო წერს, მასთან ერთად ჰეგსეტმა ასევე გაათავისუფლა აშშ-ის საზღვაო ძალების რეზერვის უფროსი და საზღვაო ძალების სპეციალური ოპერაციების მეთაური.
ეროვნული უსაფრთხოების მორიგი მაღალჩინოსნის გათავისუფლება აჩვენებს ტრამპის ადმინისტრაციის საშიშ ჩვევას, მოეპყროს დაზვერვას ლოიალობის მიხედვით და არა როგორც ჩვენი ქვეყნის დაცვის საშუალებას“, – განაცხადა სენატორმა მარკ უორნერმა, რომელიც სენატში დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ გენერალ-ლეიტენანტ კრუზის გათავისუფლების მიზეზი უცნობია, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მედიაში გაჟონა თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს წინასწარმა შეფასებამ, რომ ივნისში ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის ავიადარტყმებმა თეირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან, რაც ეწინააღმდეგებოდა ტრამპის განცხადებას, რომ სამიზნეები განადგურებული იყო.
„როიტერის“ ცნობით, სამხედრო დაზვერვის შეფასების გაჟონვამ განარისხა ტრამპი. მან მკაცრად გააკრიტიკა „სიენენი“, „ნიუ იორკ თაიმსი“ და სხვა მედიასაშუალებები, რომლებმაც გამოაქვეყნეს ინფორმაცია. ტრამპმა მას ყალბი ახალი ამბები უწოდა.
ამასთან, კრუზის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ტულსი გაბარდმა განაცხადა, რომ დაზვერვის ყოფილ და მოქმედ 37 თანამშრომელს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა.
1ტვ
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025