07/02/2026
12:08

აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებმა განიხილეს სამშვიდობო შეთანხმების მარტში მიღწევისა და უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც მედია წერს, შესაძლოა, შეთანხმების მიღწევის ვადამ გადაიწიოს, რადგან ტერიტორიის საკითხზე შეთანხმება არ არის მიღწეული.
ხუთი წყაროს ცნობით, იმ ჩარჩოს მიხედვით, რომელსაც აშშ-ისა და უკრაინის მომლაპარაკებლები განიხილავენ, ნებისმიერი შეთანხმების შესახებ ჩატარდება რეფერენდუმი და მას უკრაინელი ამომრჩეველი დაამტკიცებს, რომელიც ამავდროულად მონაწილეობას მიიღებს ეროვნულ არჩევნებშიც. ამ წყაროებიდან სამის თქმით, აშშ-ის მომლაპარაკებელთა ჯგუფმა აბუ დაბისა და მაიამიში შეხვედრისას უკრაინელ კოლეგებს განუცხადა, რომ საუკეთესო იქნებოდა ამ კენჭისყრის რაც შეიძლება სწრაფად ჩატარება.
ორი წყაროს ცნობით, აშშ-ის მომლაპარაკებლებმა განაცხადეს, რომ, ნოემბერში კონგრესის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სავარაუდოდ, ტრამპი უფრო მეტად შიდა საქმეებზე გაამახვილებს ყურადღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ-ის მაღალჩინოსნებს ნაკლები დრო ექნებათ სამშვიდობო შეთანხმების დასადებად.
ამასთან, წყაროების თქმით, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განიხილეს შესაძლებლობა, რომ ეროვნული არჩევნები და რეფერენდუმი მაისში ჩატარდეს, თუმცა მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა რამდენიმე წყარომ ეს ვადა წარმოუდგენლად შეაფასა.
„როიტერის“ ცნობით, უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ამჟამინდელ პირობებში არჩევნების ორგანიზებას დაახლოებით ექვსი თვე დასჭირდება.
„ამერიკელები ჩქარობენ“, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
ამასთან, ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ რუსეთი არ დაეთანხმა აშშ-ის წინადადებას, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი გააკონტროლებდა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს.
ცნობისთვის, 4-5 თებერვალს აბუ დაბიში უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებები გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შემდეგი სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებში გაიმართება.
0
0