
როგორც ე.წ. მწვანე საზღვრის მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი, - ასე პასუხობს „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი საკანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე შეთანხმებულად მოქმედებდნენ.
როგორც გიორგი ბაჩიაშვილი აღნიშნავს, შესაძლოა, მასთან ერთად საკანში მასზე ზეწოლისთვის მისი ნაცნობები მოახვედრონ, რომლებიც ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან.
„ხელისუფლება აგრძელებს დანაშაულების სერიას და ამჯერად სურს თავისი ერთი სასტიკი სისტემური დანაშაული სხვა ფაბრიკაციით გადაფაროს. როგორც ე.წ. "მწვანე საზღვრის" მიმდებარედ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ზუსტად ისე, ვერავითარი თავდასხმის ორგანიზებას საკუთარ თავზე ვერ მოვახდენდი.
შეგახსენებთ, რომ თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯერ პროკურატურამ შემიწყვიტა სატელეფონო კომუნიკაცია ოჯახთან და ადვოკატებთან, შემდეგ ადგილი ჰქონდა ციხის დირექტორისგან გაჟღერებულ ცნობილ მოთხოვნებს, ხოლო შემდეგ - მსჯავრდებული, საკანში შემომიყვანეს, რომელიც შემოსვლისთანავე თავს დამესხა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ რეჟიმს სურს ჩემი ნაცნობები, რომლებიც შეიძლება იმყოფებოდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში, მოათავსონ საკანში ჩემთან და ამ მეთოდით გააგრძელონ ზეწოლა და კომუნიკაცია. მსგავს შემთხვევაში, ინფორმაციას მყისიერად გავასაჯაროებ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩემთან შეიძლება შედგეს მხოლოდ ჩემი ადვოკატების მეშვეობით“,- ნათქვამია გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაში, რომელსაც მისი ადვოკატი ავრცელებს.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის საკანში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მომხდართან დაკავშირებით N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელმა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს.
უწყების განმარტებით, „შესაძლოა, პენიტენციურის კონკრეტული თანამშრომლები, მათი გავლენის ქვეშ მყოფი პატიმრები და გიორგი ბაჩიაშვილი შეთანხმებულად მოქმედებდნენ“.
რაც შეეხება თავად დაპირისპირების ფაქტს, შეგახსენებთ, რომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის #8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.
გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11-წლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.
0
0