
როგორც ადამიანს, რომელიც 2008 წელს საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შუამავალი იყო, შემიძლია ვთქვა, რომ ეს პუტინის საკმაოდ ტიპური ტაქტიკაა, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ სტუბმა რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის გამართული საუბრის შემდეგ რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილ მასობრივ იერიშზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ საქმე გვაქვს აგრესორთან. ჩვენ გვყავს აგრესორი, რომელიც ამბობს, რომ უნდა ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა, მაგრამ უარს ამბობს, შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, – განუცხადა სტუბმა „პოლიტიკოს“.
სტუბის თქმით, რუსეთის შეკავების ერთადერთი ტაქტიკა უკრაინის კბილებამდე შეიარაღებაა.
„ვფიქრობ, გუშინდელი სატელეფონო საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის იყო ნაბიჯი სწორი მიმართულებით, მაგრამ ახლა ჩვენ ვხედავთ პუტინის ნამდვილ სახეს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
როგორც ალექსანდერ სტუბმა აღნიშნა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისგან სიგნალის მიღება, რომ სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მხარდაჭერა გრძელდება.
ფინეთის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
„ორი მეომარი მხარეა რუსეთი და უკრაინა, ხოლო შუამავლები უნდა იყვნენ შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, – აღნიშნავს სტუბი.
ფინეთის ლიდერი ასევე თვლის, რომ აქამდე ევროპის დახმარება მეტისმეტად ინდივიდუალური იყო.
0
0