-share.jpg)
ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თელ-ავივში ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას კვლავ აღუთქვა ამერიკის მხარდაჭერა ისრაელს. ამის შესახებ CNN წერს.
„მე მინდოდა დღეს აქ ყოფნა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მსურს ისრაელის ხალხმა, მსოფლიოს ხალხმა იცოდეს შეერთებული შტატების პოზიცია. მინდოდა პირადად ჩამოვსულიყავი და ეს მკაფიოდ მეთქვა“, - თქვა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა დაგმო ჰამასის მიერ 7 ოქტომბერს წამოწყებული შეტევა ისრაელზე და თქვა, რომ დაჯგუფებამ ჩაიდინა ბოროტება და სისასტიკე, თუმცა ამასთან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება, ასევე უნდა ახსოვდეს, რომ ჰამასი არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს.
ბაიდენმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ასევე 17 ოქტომბერს ღაზაში საავადმყოფოს დაბომბვასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და ამაში ისრაელის ბრალეულობა უარყო.
„საქმე ისაა, რომ მე ღრმად დამწუხრებული და აღშფოთებული ვიყავი გუშინ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით და იმის მიხედვით, რაც მე ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა და არა თქვენ. ბევრი ადამიანია, რომელიც არ არის დარწმუნებული ამაში, ასე რომ, ჩვენ ბევრი გვაქვს[დასამტკიცებელი] - ბევრი რამ უნდა გადავლახოთ“, - უთხრა ბაიდენმა ნეთანიაჰუს.
ამერიკის პრეზიდენტმა ამავე შეხვედრაზე თქვა, რომ ამ ომში ჰამასის თავდასხმის შედეგად ამერიკელი მოქალაქეების დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა.
ნეთანიაჰუმ, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ბაიდენს ვიზიტისთვის.
„ეს არის ღრმად, ღრმად ამაღელვებელი. ეს მეტყველებს თქვენი პირადი ერთგულების სიღრმეზე ისრაელის მიმართ, ეს გამოხატავს თქვენი პირადი ვალდებულების სიღრმეზე ებრაელი ხალხის მომავლისა და ერთი და ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს მიმართ,” - უთხრა ნეთანიაჰუმ ბაიდენს.
0
0