21/07/2024
19:39
საზოგადოება
გიორგი დვალიშვილი 38 წლისაა. უკვე რამდენიმე წელია კუნძულ მაიორკაზე ცხოვრობს და მარკეტინგული საქმიანობის გარდა, აქვს ექსტრემალური ჰობი, რითაც რამდენიმე ხნის წინ თავი გააცნო მთელ მსოფლიოს: ქართველმა ემიგრანტმა მეგობარ გოგონასთან ერთად, რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ, დანიელ ტურისტს ძვირად ღირებული მაჯის საათი უპოვა, რომელიც საოჯახო რელიკვია იყო და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. რაც ყველაზე მთავარია, გიორგის ურთულესი სამუშაოს შესრულებაში ჰონორარი არ აუღია
"ეს ამბავი მაიორკის კუნძულს, ესპანეთსა და ევროპას შემორჩება როგორც საოცარი ისტორია, თუ როგორ დაუბრუნეს ემიგრანტებმა ოჯახისთვის ძვირფასი ნივთი დანიელ ტურისტს", - წერს ადგილობრივი მედია...
"გერმანიაში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რომ გერმანული პასპორტის მქონე ქართველი ვარ... ბავშვობაში რამდენიმე წელი საქართველოში გავატარე, შემდეგ ბერლინში ჩამოვედი, სადაც ოჯახთან ერთად ვიცხოვრე და სამრეწველო წარმოების დიზაინი შევისწავლე. შემდეგ, რაღაც დროის განმავლობაში ლატვიაშიც ვიცხოვრეთ, ახლა კი 6 წელზე მეტია, მაიორკაში ვცხოვრობ და სამრეწველო წარმოების დიპლომირებული სპეციალისტი ვარ" - ამბობს დვალიშვილი
მისი თქმით, ბავშვი იყო როცა მამა გარდაეცვალა, რაც მისთვის ბავშვობის ტრამვაა
"სამწუხაროდ, მამაჩემი, ვაკო დვალიშვილი, რომელიც გერმანული სკოლის დირექტორი იყო, ჯერ კიდევ მაშინ გარდაიცვალა, როცა მე ბავშვი ვიყავი. ეს ჩემი ბავშვობის ტრავმაა... დედაჩემი ყოველთვის ცდილობდა საქართველოსთან კავშირი არ გაგვეწყვიტა. მისი დამსახურებით, დღეს ჩემი კავშირი სამშობლოსთან იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე იყო. ვცდილობ, ყოველწლიურად ჩავიდე ახლობლებთან, ნათესავებთან. მე და ბიძაჩემს, ჭოლა წულაძეს ძალიან გვიყვარს თეატრში დროის ერთად გატარება". - ამბობს ქართველი ემიგრანტი
გიორგი დვალიშვილის თქმით, სადაც საათი იპოვა საკმაოდ რთული ფსკერია
,,დანიელი ტურისტის შემთხვევაში, მხოლოდ წყლის სიღრმე არ ყოფილა პრობლემა. იმ ადგილას, სადაც მან საათი დაკარგა, წყალქვეშ უამრავი წყალმცენარე ხარობს, რაც რა თქმა უნდა, ხილვადობას ართულებს. შესაბამისად, მსგავსი შემთხვევებისთვის გვაქვს მეტალოდეტექტორი, მაგრამ ზოგ სიტუაციაში, როდესაც წყალმცენარეები ხშირია, ისიც არ არის საკმარისი. საათი სადაც ვიპოვეთ, იმ ადგილიდან ნაპირამდე დაახლოებით 500 მეტრია, მაგრამ საკმაოდ რთული ფსკერი აქვს, რაც ძებნას ართულებს..." აღნიშნავს დვალიშვილი
0
0