23/12/2024
22:01
პოლიტიკა
არ მგონია, რომ დოკუმენტის ფორმალიზაცია იგეგმებოდეს, უბრალოდ, შინაარსები იქნება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას, რომ მზადდება დოკუმენტი, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.
როგორც ნიკა გვარამიამ ოპოზიციური პარტიებისა და კოალიციების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, უნდა იქნას მიღებული მკვეთრი გადაწყვეტილებები და არ უნდა იყოს ბუნდოვანება.
„არ მგონია, რომ დოკუმენტის ფორმალიზაცია იგეგმებოდეს, უბრალოდ შინაარსები იქნება, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ და მე მგონია, რომ წარმატებით. ბევრი მიმართულებით ჩვენი დამოკიდებულებები ემთხვევა, თუმცა ბევრად უფრო კარგი წარმოდგენა გვაქვს და ბევრად მეტი გვაქვს ნამუშევარი იმაზე, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები და როგორ უნდა ჩატარდეს, რომ სრულად გამოხატავდეს ქართველი ხალხის ნებას.
რთული და კომპლექსური საკითხია და ბევრად უფრო სწრაფად გადასაწყვეტი: როგორ ინიშნება ახალი არჩევნები? ამასთან დაკავშირებით აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ნამდვილად უფრო რთული საკითხია, მოსაზრებებიც ბევრად მეტი იყო.
მე ჩემს და ჩემი კოალიციის პოზიციას გეტყვით. ჩვენ მიგვაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმი უკიდურესად დასუსტებულია, პრაქტიკულად დელეგიტიმირებულია და ქვეყანა მიჰყავს იზოლაციისკენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებები მიიღება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან სანქციებთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის მიუხედავად გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს აქ, საქართველოში და ეს გადაწყვეტილებები უნდა იყოს მკვეთრი და მკაფიო, ბუნდოვანებას მე არ დავუჭერ მხარს ასეთ ვითარებაში და არც სიტუაციურ ანალიზს, ეს არ არის აკადემიური კვლევა. სიტუაციური ანალიზი გვჭირდება იმისათვის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და იმედია ამ მიმართულებით არ დავაგვიანებთ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
0
0