10/12/2022
22:44
მსოფლიო
სამხრეთ კორეაში ადამიანის ასაკის დათვლის ჩვენებურ, ანუ საერთაშორისო სტანდარტის შემოღებას აპირებენ და ძველ ტრადიციაზე უარს ამბობენ.
ცვლილება შეეხება ყველა ადამიანს და შედეგად, ოფიციალურ დოკუმენტებში მათი ასაკი ერთი, ან ორი წლით შემცირდება.
ცნობისთვის, სამხრეთ კორეელები უჩვეულო მეთოდით ითვლიან ასაკს:
კერძოდ, მიიჩნევა, რომ დაბადების მომენტში ჩვილი უკვე ერთი წლისაა, ხოლო კიდევ ერთი წელი მას პირველ იანვარს ემატება.
ამ ძალიან უცნაური წესის თანახმად, ითვლება, რომ 31 დეკემბერს დაბადებული ბავშვი, პირველ იანვარს უკვე ორი წლისაა.
საერთაშორისო სტანდარტი კორეაში ივნისში ამოქმედდება - ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ასაკის ათვლის შესახებ ცვლილებები კანონში 2023 წლის ივნისიდან შევა.
29 წლის სამხრეთ კორეელი ჯონგ და-ეუნი ამბობს, რომ ამ ცვლილებას მიესალმება.
"ვის არ გაუხარდება ასაკის ერთი, ან ორი წლით შემცირება?!", - ამბობს ის.
გაურკვეველია თუ რატომ გაჩნდა ასაკის გამოთვლის ასეთი სისტემა სამხრეთ კორეაში. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დაბადებისას ითვალისწინებენ მუცლად ყოფნის პერიოდს - ცხრა თვეს, თუმცა ამ პერიოდს საბოლოო ჯამში, ერთ წელიწადთან აიგივებენ.
1-ელ იანვარს დამატებული ერთი წლის ახსნა უფრო რთულია.
ზოგიერთი ექსპერტი მიუთითებს თეორიაზე, რომლის მიხედვითაც მაშინ, როცა ჩვეულებრივი კალენდარი არ არსებობდა, ძველი კორეელები უგულებელყოფდნენ დაბადების დღეს და მთვარის კალენდრის პირველი დღე იყო ათვლის სათავე და სწორედ ამ დღეს უმატებდნენ ადამიანის ასაკს ერთ წელიწადს, წერს “გარდიანი”.
0
0