15/04/2023
22:38
პოლიტიკა
ამონარიდი ანალიტიკოს გია ხუხაშვილის წიგნიდან "კულისებს მიღმა - რა ღირს საქართველო", რომელიც ბადრი პატარკაციშვილისა და გია ხუხაშვილის ურთიერთობას ეხება.
"ხშირად ვსაუბრობდით ზურაზე (ზურა ჟვანია), ბადრი ამ საქმეს ძალიან სერიოზულად უყურებდა არა მარტო იმიტომ, რომ ზურასთან მეგობრობდა, არამედ იმიტომ, რომ ზურას დაღუპვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა იმ მყიფე ბალანსს, რომელიც ხელისუფლებასა და მას შორის არსებობდა. სულ ფიქრობდა იმაზე, თუ როგორ გაეხსნა ეს საქმე და ემხილა დამნაშავეები. ამისთვის მზად იყო, სერიოზული ნაბიჯები გადაედგა.
აშშ-ის ფედერალური ბიუროს საექსპერტო დასკვნა, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, შეიცავდა გარკვეულ ორაზროვნებას და ცალსახად ვერ პასუხობდა კითხვას - შესაძლებელი იყო თუ არა ეს ყოფილიყო ბანალური უბედური შემთხვევა?
ამიტომ, გარკვეულ კითხვებზე პასუხის მისაღებად, ცხედრის ექსჰუმაციის საკითხი ლოგიკურად იდგა დღის წესრიგში...
ბადრიმ ერთ-ერთ შეხვედრაზე გამიზიარა თავისი იდეა, რომ დაწყებულიყო კამპანია ზურას ცხედრის ექსჰუმაციის მოთხოვნით. ის ვარაუდობდა, რომ ამას შეეძლო მოეხდინა ხელისუფლების პროვოცირება, ფარულად ჩაეტარებინა საფლავზე გარკვეული ქმედებები. ამასობაში, ის დააყენებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე ფარულ კამერებს და ყველაფერს გადაიღებდა.
ეს გეგმა ჩემთვის, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა. მიმაჩნდა და ახლაც მიმაჩნია, რომ ექსჰუმაციამ შესაძლოა გააჩინოს გარკვეული დამატებითი კითხვები, მაგრამ ცალსახა პასუხებს დაღუპვის კონკრეტულ მიზეზებზე მაინც ვერ მივიღებთ.
ეს მოსაზრება გავუზიარე და დასკვნის სახით ვუთხარი, რომ არ მიმაჩნდა მოქმედი ხელისუფლება იმდენად ბრიყვად, რომ ასეთ პროვოკაციაზე წამოგებულიყო და სისულელე ჩაედინა, რადგან მათთვის ექსჰუმაციასთან დაკავშირებული რისკი არცთუ ისეთი მაღალი იყო.
კამათი არ დაუწყია. მომეჩვენა, რომ დამეთანხმა და ამ გეგმაზე საბოლოო ჯამში უარს იტყოდა. საუბარში ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა, რაც ჩვენს ურთიერთობაში ხშირად ხდებოდა...
ჩვენი პაუზები იყო საკმაოდ კომფორტული და მრავლისმეტყველი, თითქოს დიალოგი არც შეწყვეტილა და ისევ გრძელდებოდა... უცბად სახე შეეცვალა, მისთვის უჩვეულო ცივი ნათება ჩაუდგა თვალებში და თითქმის ჩურჩულით მკითხა: "როგორ ფიქრობ, მესვრიან თუ მომწამლავენ?"
წყარო: ambebi.ge
0
0