
არსებობს გამონათქვამი, რომ როდესაც შეერთებული შტატები აცემინებს, დანარჩენი მსოფლიო ცივდება. რა ხდება, როდესაც ჩინეთი “ავად“ არის?
მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანა, სადაც 1,4 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მრავალი პრობლემის წინაშე დგას - მათ შორისაა ნელი ეკონომიკური ზრდა, ახალგაზრდების უმუშევრობის მაღალი დონე და კრიზისი უძრავი ქონების ბაზარზე. ეს საკითხები პეკინისთვის თავის ტკივილია; რამდენად მნიშვნელოვანად აისახება ეს პრობლემები დანარჩენ მსოფლიოზე?
ანალიტიკოსები თვლიან, რომ მოახლოებული გლობალური კატასტროფის გამო შეშფოთება გადაჭარბებულია. თუმცა მრავალეროვნული კორპორაციები, მათი თანამშრომლები და ის ადამიანებიც კი, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირი კავშირი ჩინეთთან, სავარაუდოდ, გარკვეულ გავლენას განიცდიან.
„მაგალითად, თუ ჩინელები ლანჩის მენიუს შემცირებას დაიწყებენ, მოახდენს ეს გავლენას გლობალურ ეკონომიკაზე? კონკრეტული პასუხი არ ჩანს, თუმცა კრიზისი ნამდვილად აისახება ფირმებზე, რომლებიც უშუალოდ ეყრდნობა ჩინეთის შიდა სამომხმარებლო ბაზარს,“ - თქვა სინგაპურში აზიური სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა დებორა ელმსმა.
არის თუ არა ჩინეთის ეკონომიკა „ცხელი კარტოფილი“? სავარაუდოდ, დაზარალდება ასობით მსხვილი გლობალური კომპანია (Apple-ი, Volkswagen-ი და Burberry-ი), რომელიც დიდ შემოსავალს ჩინეთის უზარმაზარი სამომხმარებლო ბაზრიდან იღებს. შემდეგ „დარტყმის ეფექტს“ მსოფლიოში ათასობით მომწოდებელი და მუშა იგრძნობს, რომელიც ამ კომპანიებს ეყრდნობა.
ზოგიერთი ეკონომისტის შეფასებით, ის აზრი, რომ ჩინეთი გლობალური კეთილდღეობის ძრავაა, გადაჭარბებულია.
„მათემატიკურად, ჩინეთის ბაზარი გლობალური ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. მაგრამ ვისთვის მოაქვს სარგებელი ამ ზრდას? ჩინეთი ბევრად მეტ ექსპორტს აწარმოებს, ვიდრე იმპორტს, ასე რომ, საბაზრო ეკონომიკიდან სარგებელი უფრო მეტად ჩინეთს შეეხება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოს,“ - თქვა ეკონომისტმა ჯორჯ მაგნუსმა.
ასევე, სუსტი მოთხოვნა ჩინეთის საქონელსა და მომსახურებაზე ნიშნავს, რომ იქ ფასები დაბალი დარჩება. დასავლური სამომხმარებლო პერსპექტივიდან გამომდინარე, ეს მისასალმებელი საშუალება იქნება მზარდი ფასების შესაჩერებლად, რაც საპროცენტო განაკვეთების შემდგომ ზრდას არ ითვალისწინებს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩინეთმა ტრილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც ცნობილია როგორც “ერთი სარტყელი – ერთი გზის ინიციატივა”.
ჩინეთმა 150-ზე მეტი ქვეყანა დააფინანსა და ტექნოლოგიით მოამარაგა გზების, აეროპორტების, საზღვაო პორტებისა და ხიდების ასაშენებლად.
„ჩინეთის ვალდებულება ამ პროექტების მიმართ შესალოა შეიზღუდოს, თუ ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პრობლემები შენარჩუნდება. ჩინურ ფირმებსა და ბანკებს აღარ ექნება შესაძლებლობა საზღვარგარეთის იმავე მასშტაბით დაფინანსებისთვის,“ - თქვა სიდნეის ლოუის ინსტიტუტის ინდო-წყნარი ოკეანის განვითარების ცენტრის დირექტორმა, როლანდ რაჯამ.
თუ საზღვარგარეთ ჩინური ინვესტიციები შემცირდება, გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს ჩინეთის შიდა ეკონომიკური მდგომარეობა მის საგარეო პოლიტიკაზე. ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, ეკონომიკურად უფრო დაუცველი ჩინეთი შეიძლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გამოსწორებას შეეცადოს. ამერიკის მიერ დაწესებულმა სავაჭრო შეზღუდვებმა, 2023 წლის პირველ ნახევარში, ნაწილობრივ ხელი შეუწყო შეერთებულ შტატებში ჩინეთის ექსპორტის 25%-ით შემცირებას. აშშ-ის ვაჭრობის საკითხებში მდივანმა ჯინა რაიმონდომ ცოტა ხნის წინ ქვეყანას ზოგიერთი ამერიკული ფირმისთვის "არაინვესტირებადი" უწოდა.
თუმცა არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ჩინეთის საგარეო მიდგომა რბილდება. პეკინი საკუთარი შეზღუდვებით შურისძიებას აგრძელებს, ხშირად აკრიტიკებს დასავლეთის ქვეყნების „ცივი ომის მენტალიტეტს“ და, როგორც ჩანს, კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს სანქცირებული რეჟიმების ავტორიტარულ ლიდერებთან, როგორიცაა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი.
ამავდროულად, აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები ყოველთვიურად კვლავ მოგზაურობენ ჩინეთში, რათა გააგრძელონ მოლაპარაკებები ორმხრივ ვაჭრობაზე. რეალურად კი, ცოტამ თუ იცის, რა დგას ჩინურ რიტორიკასა და ჩინურ პოლიტიკას შორის.
სექტემბრის დასაწყისში, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მაიკ გალაჰერმა განაცხადა, რომ შიდა პრობლემები ჩინეთის ლიდერს სი ძინპინს "ნაკლებად პროგნოზირებადად" აქცევს და შესაძლოა მან "რაღაც ძალიან სისულელე გააკეთოს" ტაივანთან დაკავშირებით.
როგორც ინდო-წყნარი ოკეანის განვითარების ცენტრის დირექტორი როლანდ რაჯა ამტკიცებს, თუ აშკარა გახდება, რომ ჩინეთის "ეკონომიკური სასწაული დასრულდება", მაშინ კომუნისტური პარტიის რეაქცია "შეიძლება მართლაც ძალიან საყურადღებო აღმოჩნდეს".
0
0