
ამერიკელი ასტროფიზიკოსის განცხადებით, მარტში, ის საავადმყოფოში ქოშინის ჩივილით გადაიყვანეს. Mirror-ის ინფორმაციით, მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ ფილტვებში სისხლდენა [ჰემორაგია] ჰქონდა, რის გამოც გული გაუჩერდა. მედიკოსებმა პაციენტის მიმართ "ლურჯი კოდი" გასცეს. როგორც წესი, "ლურჯი კოდი" გამოიყენება მაშინ, როცა პაციენტს მოულოდნელად გული უჩერდება.
„ექიმებს გულის ხელახლა ასამუშავებლად 7 წუთი დასჭირდათ. ამ დროის განმავლობაში, ტვინში ჟანგბადის ნაკლებობის გამო, ინსულტი დამემართა. ორი დღის განმავლობაში ნახევრად გონზე ვიყავი, შემდეგ სრულად გამოვიღვიძე და ექიმებს ვეკითხებოდი: "რა მოხდა?" როდესაც გარე სამყაროს დავუბრუნდი, გავაანალიზე, რა ვნახე ამ 7 წუთის განმავლობაში და სიკვდილით გამოწვეული შიში გამიქრა.
შავ სივრცეში ოვალური ფორმის სამი ფიგურა [ელიფსი] დავინახე, სათითაოდ... სამივე ელიფსი თავდაყირა იდგა, თითქოს ძაფით იყო ჩამოკიდებული. პირველი ელიფსის შიდა და გარე ზედაპირებზე მთები, ნაკადულები, ტყეები და ღრუბლები შევნიშნე. თავდაპირველად, ისინი ლამაზი ჩანდა, მაგრამ თანდათან დამახინჯდა და გაყვითლდა. პირველი ელიფსი გაქრა და მერე მეორე გამოჩნდა - რკინის გავარვარებული რგოლი ნელ-ნელა ნაკუწდებოდა. მახსოვს, როგორ შევიგრძენი რკინის სუნი, თუმცა, უკვე გასაგებია, რომ სისხლი გამოსცემს ასეთ სუნს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემს ხილვებთან კავშირში, რეალურად, ოთახში არსებული სურნელია. ახლა ვხვდები, რომ ეს მომენტი გულის გაჩერების დროს იყო.
უცებ სივრცე გაბრწყინდა და მესამე ელიფსი გამოჩნდა, რომელიც დაფარული იყო ღია ვარდისფერი და ლურჯი ღრუბლებით - ეს ულამაზესი სცენა მზის ამოსვლას ან ჩასვლას ჰგავდა. როგორც გაირკვა, სწორედ ამ დროს განმიახლდა გულის ცემა. სამი ელიფსი მყარად ჩამრჩა მეხსიერებაში. რამდენიმე დღის შემდეგ, ექიმებმა შემატყობინეს, რომ გული გამიჩერდა და ინსულტი დამემართა და ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგები გახდა,“ – განუცხადა ასტრონომმა
ასტროფიზიკოსმა აღნიშნა, რომ ის გერმანელი ასტრონომის იოჰანეს კეპლერის Astronomica Nova-ს სწავლობდა და ცდილობდა გაეგო, როგორ გაარკვია კეპლერმა, რომ პლანეტების ორბიტები ელიფსებია და არა წრეები.
„გულის გაჩერების დროს, ეს თეორია ჯერ კიდევ გონებაში მქონდა ჩარჩენილი. მჯერა, რომ, გაუცნობიერებელ მდგომარეობაში მყოფი, ამ ოვალურ ფორმას „ჩავეჭიდე“. ეს არის ყველაფერი, რაც მე დავინახე. არანაირი სინათლე გვირაბის ბოლოს... არც გარდაცვლილი ოჯახის წევრები შემხვედრია - ჩემი აზრით, ეს ფანტასტიკაა... სიკვდილი ასახავს იმას, რაც გარკვეული დროის განმავლობაში ყველაზე წვდომადია ადამიანის გონებაში,“ - თქვა ასტროფიზიკოსმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 მაისიდან
08/05/2026