
საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება. მოქალაქეები შესაძლებლობა ადგილზე ეცნობიან ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და საინჟინრო საშუალებებს.
26 მაისის საზეიმო ღონისძიების ეპიცენტრი ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც წარმოდგენილია ხელნაკეთი ნივთები, ადგილობრივი ნაწარმი, მოწყობილია საბავშვო კუთხე და სცენა კონცერტისთვის.
გორში გორში ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დაახლოებით 2 საათია დაიწყო. ქალაქის ცენტრში წარმოდგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოფენო და ინტერაქციული სტენდები.
26 მაისს მრავალფეროვანი ღონისძიებებით ხვდება რუსთავი. მოწყობილია შემოქმედებითი და გასართობი სივრცეები. ღონისძიების სანახაობრივი ნაწილი იქნება კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა. გაიმართება ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი.
ფოთში ღონისძიებაზე მისული სტუმრების მასპინძელი იუსტიციის სამინისტრო და საზღვაო აკადემიაა. წელს უწყება წარმოდგენილია გამორჩეული სტენდით, რომელიც სტუმრებს ინოვაციურ პროექტებს აცნობს. მათ შორის სტუმრებს დახვდებათ ციფრული მმართველობის სააგენტოს კუთხე. მოეწყობა საქართველოს ეროვნული არქივის უნიკალური მასალების გამოფენა.
მცხეთაში სპეციალური სივრცე მოაწყო ღვინის ეროვნულმა სააგენტომ. წარმოდგენილია ქართლის რეგიონის ადგილობრივი ჯიშის ღვინოები, სადაც შესაძლებელია მათი დაჭაშნიკება. ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე იმართება.
საზეიმო ღონისძიებები იმართება ზუგდიდში. მასპინძელი დაცული ტერიტორიების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოა. სამხედრო ტექნიკის გამოფენა, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა; ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცე.
საზეიმო ღონისძიებების მასპინძელი თელავში განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და აეროპორტების გაერთიანებაა. ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე იმართება. სხვა რეგიონების მსგავსად, თელავშიც გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია ავიაციის სივრცე.
მთავრობის ადმინისტრაციის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ამბროლაურში, დათუნა სხირტლაძის სახელობის სკვერში, საზეიმო ღონისძიებები იმართება. ღონისძიება საზეიმო კონცერტით დასრულდება, რომელშიც ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას.
26 მაისს ზეიმობენ მარნეულში. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, იმართება სხვადასხვა სახის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები. დღის ბოლოს კი დაგეგმილია კონცერტი.
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე; საგამოფენო, საბავშვო გასართობი ადგილები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირები, მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა - ახალქალაქში ღონისძიების მასპინძელი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატია.
ჯანდაცვის სამინისტროსა და ხონის მერიის ორგანიზებით, ხონში, ცენტრალურ მოედანზე, საზეიმო ღონისძიებები იმართება. წარმოდგენილია სამხედრო ტექნიკა, იმართება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. დღის ბოლოს კი საზეიმო კონცერტი გაიმართება.
ოზურგეთში საზეიმო ღონისძიების სტუმრების მასპინძელი სოფლის განვითარების სააგენტოა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დილიდან იმართება საზეიმო ღონისძიებები. აქაც გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოწყობილია შემეცნებითი და გასართობი სივრცეები. 26 მაისის ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.
0
0