
საქართველოს ელჩი თურქეთში, გიორგი ჯანჯღავა, მიწისძვრის შედეგად დაღუპული, საქართველოს 2 მოქალაქის გადმოსვენების შესახებ საუბრისას აცხადებს, რომ “ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება”.
"ეს ძალიან რთული პროცედურა იქნება, რადგან ადგილზე შექმნილი ვითარების გამო პროზექტურებთან კავშირი ძალიან ჭირს. პროზექტურიდან უნდა ავიღოთ ნებართვა და ის კომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა საქართველოს მოქალაქეთა გადასვენების საკითხებში, მზად არიან, რომ დაგვეხმარონ. მათ უკვე მივეცით მითითება ამასთან დაკავშირებით. არ არის გამორიცხული, რომ გადმოსვენების პროცედურას სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს. ეს იქნება დამოკიდებული ადგილზე არსებულ ვითარებაზე. იმ პროზექტურაში, რომელშიც პირველი გარდაცვლილი მოქალაქე ასვენია, ასევე არის ათეულობით გვამი. აქედან გამომდინარე, რაიმე კონკრეტულის თქმა გვიჭირს, თუმცა ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს მოქალაქე გადმოვასვენოთ საქართველოში“,- განაცხადა ელჩმა.
ჯანჯღავა მოქალაქეებს მოუწოდებს, პანიკას არ აყვნენ.
„პანიკას არ უნდა ავყვეთ. მოხდა საშინელი, საზარელი ტრაგედია. სახელმწიფო მათ გვერდით უდგას. საელჩოში არის ცხელი ხაზი ამოქმედებული, ასევე საელჩოს ტერიტორიაზე არის შექმნილი შტაბი. ჩართულია ჩვენი გენერალური საკონსულოები სტამბოლსა და ტრაპიზონში. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმალურად ყველაფერს, რაც ჩვენზე არის დამოკიდებული. კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მოქალაქეებს, რომ მაქსიმალურად დაგვეხმარონ ჩვენ, რათა ჩვენ დავეხმაროთ მათ. დახმარებაში ვგულისხმობ იმას, რომ მოგვცემ მაქსიმალური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ სად ვინ მდებარეობს, შეძლებისდაგვარად კი მათი ტელეფონის ნომრები და საკონტაქტო ინფორმაცია - ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ “პალიტრანიუსის” ეთერში.
ცნობისთვის, თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ამ დროის ინფორმაციით, საქართველოს 2 მოქალაქეა დაღუპული. ელჩის ინფორმაციით, კიდევ გრძელდება სამი მოქალაქის ძიების პროცესი.
0
0