
იმუნოლოგი ამირან გამყრელიძე პანდემიის შემდგომი განვითარების სამ სავარაუდო სცენარს ასახელებს.
როგორც მან „სივრცეში ეკა ვეფხვაძესთანს“ განაცხადა, მეცნიერები სამივე სცენარს მეტ-ნაკლები ალბათობით განიხილავენ.
მისი თქმით, პირველი სცენარი, დიდი ალბათობით, დღევანდელი ვითარებაა, როდესაც ყოველდღიურად 200-300 შემთხვევა ფიქსირდება, მათი მკურნალობა ბინაზე მიმდინარეობს და სიკვდილიანობაც შემცირებულია.
„ჩემი პირადი მოსაზრებით, ეს არის ყველაზე რეალური სცენარი და მისი კიდევ უფრო შემცირება 2023 წლის გაზაფხულ-ზაფხულშია მოსალოდნელი. შესაძლებელია, დაგვჭირდეს წელიწადში 1 ან 2 აცრა, როგორც ეს სეზონურ ვირუსზეა მიღებული“, განაცხადა გამყრელიძემ.
მეორე, ანუ იგივე იდეალური სცენარი, გამყრელიძის თქმით, ეს იქნებოდა აბსოლუტურად შემცირებული ვირუსი.
„მეორე, ანუ იდეალური სცენარი, ეს იქნებოდა სრულად შესუსტებული ვირუსი, რომელიც ჩვეულებრივად ყველას გადაგვიტანია და რომელიც ადამიანის ორგანიზმს არანაირ ზიანს არ აყენებს, თუმცა, ამ სცენარის განვითარების ალბათობა ნაკლებია“, აღნიშნა იმუნოლოგმა.
რაც შეეხება მესამე, ყველაზე მძიმე სცენარს, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს „დელტა შტამისა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდი.
„მესამე და ყველაზე მძიმე სცენარი, ეს შეიძლება იყოს „დელტასა“ და „ომიკრონის“ ჰიბრიდი. „დელტა“თავისი სიმძიმით და „ომიკრონი“ თავისი გავრცელების სისწრაფით. მართალია, ამ სცენარის ალბათობა ძალიან დაბალია, მაგამ მედიცინაში ვერაფერს გამოვრიცხავთ, ვინაიდან, ამის ალბათობაც არსებობს“, განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026