
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა. დღევანდელ პროცესზე სასამართლომ წინასასამართლო სხდომის თარიღად 19 ოქტომბერი განსაზღვრა.
პროცესს ღარიბაშვილი არ დასწრებია. ახალი ბრალი პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ წაუყენეს.
საქმის პროკურორის, ანა ლეკიაშვილის განცხადებით, როდესაც შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ.
"ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „გ“ და მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ქრთამის აღებას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ბრალდების მხარეს გამოძიების ეტაპზე შეკრებილი აქვს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ეს არის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, რომლებიც პირდაპირ უთითებენ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დანაშაულის ჩადენაზე, ასევე წერილობითი დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ინფორმაცია, ამოღებული დოკუმენტაცია, ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით ბრალდების მხარეს გაუჩნდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ არსებობდა შესაბამისი სტანდარტი ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენის და გამოიტანა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ.
რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, დაზუსტებით მოგახსენებთ, რომ როდესაც ჯუანშერ ბურჭულაძის და სხვა პირთა მიმართ, სხვა ბრალდებულთა მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმე გადაიგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, აღნიშნული საქმიდან პროკურატურის მიერ გამოყოფილ იქნა სისხლის სამართლის საქმე სხვა პირთა მიმართ შესაძლო დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ეს მოხდა 2025 წლის ნოემბერში. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა, ტარდებოდა აქტიურად საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, სხვადასხვა მოქმედებები. შესაბამისად, როდესაც შეიქმნა ის მტკიცებულებითი სტანდარტი, რაც საკმარისი იყო ირაკლი ღარიბაშვილისთვის ბრალის წარსადგენად, ბრალდების მხარემ გამოიტანა დადგენილება ბრალდების შესახებ", - განაცხადა პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა.
გამოძიების ინფორმაციით, 2022 წელს ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარისთვის ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა საიდუმლო შესყიდვით და ბიზნესმენთან გარიგებით თერთმეტ-ნახევარი მილიონი ლარის ნაცვლად 18-ტ მილიონ-ნახევარ ლარად შეიძინა. მილიონ 900 ათასი ლარი კი ქრთამის სახით სამ კაცზე, ვასილ მხეიძეზე, ჯუანშერ ბურჭულაძესა და ირაკლი ღარიბაშვილზე გადანაწილდა. ღარიბაშვილს ბურჭულაძემ 750 ათასი ლარი გადასცა. დანაშაული 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
0
0