საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა, რობინ ვაგნერმა თბილისში, ევროკავშირის გაფართოების შესახებ გამართული კონფერენციის შემდეგ განაცხადა.
რობინ ვაგნერმა აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება.
„სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება, მათთან ძლიერი თანამშრომლობა იმ სახელმწიფოს ინტერესებში უნდა იყოს, რომელსაც სურს იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს კანონი ამის საპირისპიროა. საქართველოს ამჟამინდელი პრობლემური გზის ნაწილი მხოლოდ ეს კანონი არ არის”, - აღნიშნა მან.
ამასთან ვაგნერმა ისაუბრა საქართველოში არსებულ რიტორიკაზე, რომელიც „დეზინფორმაციით, ლიბერალური ნარატივებით, შეთქმულების თეორიებითა და ფაქტების დამახინჯებით ხასიათდება“.
„არა მხოლოდ ქვეყანაში ოპოზიციის წინააღმდეგ, არამედ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების წინააღმდეგ“, - დასძინა რობინ ვაგნერმა.
მისივე თქმით, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოსთან თანამშრომლობის პროექტების გადახედვა მოხდება.
„ქართველ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანება სურს და მაშინ, როცა მოლდოვა და უკრაინა გაწევრიანების პროცესს იწყებენ, საქართველომ გადაწყვიტა ამ პროცესისგან განზე გამდგარიყო. ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ კანონის, ე.წ. გამჭვირვალობის კანონის ძალაში ყოფნით, საქართველოს გაწევრიანების შემდგომი პროცესი აღარ იქნება. ეს არ არის მხოლოდ გერმანიის მთავრობის პოზიცია, ეს არის ევროპული საბჭოს პოზიცია, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია და ეს საქართველოს მთავრობის ქმედებებით არის განპირობებული. გარდა ამისა, ევროკავშირის თანამშრომლობის პროექტების და ასევე, ორმხრივი თანამშრომლობისა და საქართველოს მიმართ გერმანიის დაფინანსების გადახედვა მოხდება. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი“, - განაცხადა რობინ ვაგნერმა.
0
0