
აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს „ქართული ოცნების“ მხრიდან გადასადგმელ იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ქართულ-ამერიკულ ურთიერთობების „სწორ გზაზე“ დააყენებს.
ელჩის თქმით, ვაშინგტონში ტრამპის ადმინისტრაციიდან მიღებული გზავნილების გადასაცემად შეხვდა „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსაც.
„[მას] ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას...“ - ამბობს ელჩი.
ელჩ დანიგანი აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრიდან სამ დღეში „ქართლი ოცნების“ ხელმძღვანელობისგან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გადასაცემად, მიიღო წერილი, რომელიც „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად“.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშშ-ზე ამბობენ იმას, რაც სიმართლე არ არის, მათ შორის, „მეორე ფრონტის გახსნაზე“, რომ წინა ელჩს „რევოლუციის გაღვივება“ უნდოდა, „რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე“ და ა.შ.
„მთავრობის ბევრი მაღალჩინოსანი ხშირად ამბობს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე. მე ვთვლი, რომ ეს კომენტარი არა მხოლოდ სიმართლე არ არის, არამედ შეურაცხმყოფელია... აშშ-ის მთავრობისთვის ძალიან შეურაცხმყოფელია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ ამბობს რაღაც უარყოფითს აშშ-სა და დასავლეთზე“.
მან ამავე ინტერვიუში ფინანსური დახმარების, C ჰეპატიტის აღმოსაფხვრელად გადადგმული ნაბიჯების, სწავლებებისა და ინვესტიციების გარდა, დაასახელა ის არაფინანსური სარგებელი, რასაც საქართველო აშშ-სგან იღებს:
„ჩვენ ვართ საქართველოს სუვერენიტეტის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ ვართ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაეროს ყოველწლიური რეზოლუციის უდიდესი მხარდამჭერები. ჩვენ, ფაქტობრივად, ხმების მოპოვებაში ვეხმარებით საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ და ევროპელები ვართ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) ძლიერი მხარდამჭერები, ყოველ რაუნდზე, მას შემდეგ რაც GID დაიწყო. ჩვენ დავეხმარეთ ქვეყნის აღდგენას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის შემდეგ. ჩვენ ხელი შევუწყვეთ სანდო შეკავების ძალის შექმნას საქართველოს თავდაცვის ძალებსა და სანაპირო დაცვაში.
ეს არის, რაც ჩვენ გავაკეთეთ. და მაინც, „ქართული ოცნება“ ყოველდღე საჯაროდ აცხადებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არაფერს ნიშნავს“.
რადიო თავისუფლების კითხვაზე, რა სჭირდება სწორ გზაზე დაბრუნებას, ელჩი ასე პასუხობს:
„მე ძალიან კონკრეტული ვიყავი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ძალიან კონკრეტული ვიქნებოდი ბიძინა ივანიშვილთანაც ორ ან სამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაც მთავრობას შეეძლო.
პირველს სიამოვნებით ვამბობ ხმამაღლა: შეწყვიტეთ ანტიამერიკული რიტორიკა და დეზინფორმაცია აშშ-ზე. თუმცა არა მგონია, ასეთი რთული იყოს ჩემი ადმინისტრაციის, ჩემი პრეზიდენტის პოლიტიკის ნახვა და იმის მიხვედრა, თუ რა ქმედებების განხორციელება შეიძლება ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
იმის თქმა, რომ ჩვენზე, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული, გავაკეთოთ რაღაც მეტი, ვიდრე უკვე გავაკეთეთ საქართველოსთვის და რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა, ჩემი აზრით, არის სტრატეგია, რომელსაც დიდად აზრი არ აქვს“.
0
0