
რობერტო როსელინი, იტალიური ნეორეალიზმის ფუძემდებელია, რომელმაც თანამდროვე კინემატოგრაფიის სახე სამუდამოდ შეცვალა. მისი მკაცრი,ფილოსოფიური და ამავდროულათ ადამიანის ცხოვრების არნახულად რეალისტური წარმოჩენით ევროპულ კინოში საფუძველი ჩაეყარა მიმდინარეობას, რომელმაც ევროპული კინემატოგრაფი ისეთ სიმაღლეს აიყვანა,როგორზეც არც მანამდე და არც 50-60იანი წლების შემდგომ არასდროს ყოფილა.ანდრე ბაზენი,ჟან ლუკ გოდარი და ფრანსუა ტრუფო მას ნეორეალიზმის ‘’მამას’’ უწოდებნენ.
სწორედ ამ სამი ადამიანის დამსახურებაა,შემდგომში ფრანგული და მოგვიანებით უკვე ევროპული კინემატოგრაფის წარმატება.როსელინის ფილმები:’’რომი ღია ქალაქი’’ და ‘’გერმანია ნული წელი’’,უდავოდ შეიძლება ჩაითვალოს, ადამიანური ტრაგედიის ეკრანიზაციის ყველაზე სულისშემძვრელ მაგალითებათ კინემატოგრაფის ისტორიაში.სწორედ ამ ფილმებს გულისხმობდა მარტინ სკორსეზე როდესაც ამბობდა,ჩემთვის ომის შემდგომი კინემატოგრაფი,რობერტო როსელინით იწყებაო.
თამამად შეიძლება ითქვას,რომ როსელინის სამ სახეს იცნობს კინოს ისტორია.ის,როგორც ყველა გენიოსი,ევოლუციურ ცვლილებას განიცდის მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე. მისი პირვანდელი სახე,როგორც რეჟისორის ეს არის 1943 წლამდე როსელინი, რომელიც პროპაგანდისტულ ფილმებსაც იღებდა ფაშისტური იტალიური სახელმწიფოს დაკვეთით. მისი პირველი, ღირსშესანიშნავი ქმნილება გახლავთ მხატვრული ფილმი ‘’თეთრი ნავი”, რომელიც იმჟამინდელი სამხედრო საზღვაო ფლოტის სარდლობის დაკვეთით აქვს გადაღებული. იმ წლებში, როსელინის მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა დიქტატორის შვილთან,ვიტორიო მუსოლინისთან. ჯერ კიდევ ოცდაათიან წლებში,ვიტორიო მუსოლინიმ დააფუძნა იტალიის კინომატოგრაფიული ალიანსი,მანვე დაიწყო კინოს შესახებ პირველი სერიოზული ჟურნალის გამოცემა.ვიტორიოს სახელს უკავშირდება რომის ლეგენდარული კინოსტუდიის შექმნა და ზოგადად იტალიაში კინოინდუსტრიისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება. ვიტორიო მუსოლინიმ ხელი შეუწყო როსელინის, ანტონიონის და ფედერიკო ფელინის კარიერის დაწყებას ( ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო).დღეს უკვე ცნობილი ფაქტია, რომ როსელინი და ანტონიონი, მაქსიმალურად ცდილობდნენ საკუთარი შემოქმედებითი მიზნებისთვის გამოეყენებინათ ვიტორიოს ეს კეთილგანწყობა.თავად როსელინი, 1970 იან წლებში მიცემულ ინტერვიუში მოგვითხრობს: ყოველი წამი, გადაღებული ფილმის სცენარისა, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო კინემატოგრაფიის ალიანსის ცენზორებთან, თუმცა მაინც შესაძლებელი იყო, გარკვეული შემოქმედებითი თავისუფლება შეგენარჩუნებინა’’.აწუხებდა თუ არა როსელინის ის ფაქტი, რომ შემოქმედების გასაგრძელებლათ დიქატოტრის შვილთან სჭირდებოდა მეგობრობა, პასუხგაუცემელ კითხვათ რჩება მის ბიოგრაფიაში;ამაზე არავინ საუბრობს არც მისი ბიოგრაფებიდან და არც მისი თანამედროვეთაგან. თუმცა, ფილმში გენერალი დე ლა როვერე, დაკვირვებული თვალის მქონე,მისი ბიოგრაფიის მცოდნე მაყურებლემა ერთგვარი სინანულის გამოვლინებაც შეიძლება ამოიკითოს მისი ახალგაზრდობის წლებზე.როგორც თავად ამბობს ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, ის მექალთანე ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც მამამისის სიმდიდრით სარგებლობდა და იქვე იხსენებს კინემატოგრაფთა ალიანსში გატარებულ წლებს. უდაოა რომ მას გარკვეული დისკომფორტი თან დაჰქოდა მისი ახალგაზრდობის წლებთან დაკავშირებით და გენერალი დე ლა როვერე-ში შესაძლოა, ამ წუხილის მცირე გამოძახილიც იყოს.ომამდელი როსელინის ფილმებსა და მათ გმირებს შორის ხომ ისეთივე უფსკრულია, როგორც გენერალი დე ლა როვერეს მთავარი გმირის საწყის და უკანსკნელ სახეს შორის.
1945 წლიდან იწყება უკვე განახლებული,ახალი ეპოქა როსელინის შემოქმედებაში,რომელსაც როსელინის შემოქმედების მეორე პერიოდი შეგვიძლია ვუწოდოთ.სწორად ამ დროს იქმნება მისი უმთავრესი შედევრები,რომლებმაც სამუდამოდ შეცვალა ევროპული კინემატოგრაფის სახე: ‘’რომი ღია ქალაქი’’,’’გერმანია ნული წელი’’,’’თანამემამულე””. გარდა ამ სამი ნეორეალისტური ტრილოგიისა,ყველა მის შემდგომ ფილმში, როსელინი თითქოს საკუთარი ერისთვის ფაშისტური წლების სირცხვილის ჩამორეცხვას ცდილობს,იმ შემთხვევბშიც კი, როდესაც ფილმის სიუჟეტი, პირდაპირ არაფრით უკავშირდება ომს ან რაიმე სხვა ისტორიულ მოვლენებს.სხვადასხვა, თუნდაც მცირე სიუჟეტებში,თავის თანამემამულეებს ან მსხვერპლად ან უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებათ წარმოგვიჩენს,რომლებმაც მიუხედავათ ყველაფრისა,ღირსება და იუმორის გრძნობა შეინარჩუნეს.არავის,არც ერთ ხელოვანს თუ პოლიტიკურ მოღწვაწეს, იტალიელი ერის მორალური რეაბილიტაციისათვის ამხელა სამსახური არ გაუწევია, როგორიც როსელინის ამ პერიოდის ფილმების. პოსტ-ომის მორალის ეპოქაში,იტალიური ნეორეალიზმისმისთვის საფუძვლის ჩაყრით,მან უდიდესი სამსახური გაუწია საკუთარ ერს და ქვეყანას ფაშისტური ნანგრევებიდან ევროპულ კულტურაში დაბრუნებისას.მიუხედავად ამისა, მის ფილმებს ძალიან მტკივნეული,არაერთგვანი აღქმა მოჰყვა თავად იტალიაში.საზოგადოება გახლეჩილი იყო, ომისდროინდელი ჭრილობები მოუშუშებელი,ხოლო მარქსისზმის გავლენა ყველაზე დიდი,ყველა სხვა დასავლეთ ევროპულ ქვეყანას შორის.თავად როსელინი 1947 წლამდე არსებული მმართველი კოალიციის მხურვალე და საჯარო მხარდამჭერი იყო,სადაც კომუნისტები და სოციალისტებიც შედიოდნენ. იყო პერიოდი,როდესაც ის საფრანგენთში გადასვლას გეგმავდა, იმდენად კრიტიკული იყო მისდამი საზოგადოების განწყობა.ქვეყანა, რომელიც ჯერ კიდევ გუშინდელი კოლაბორანტების,ფაშისტური სახელმწიფოს მოხელეებით და მათ წინააღმდეგ მებრძოლებისგან ორად იყო გაყოფილი, არაერთგვაროვნად იღებდა მის შემოქმედებას.მისი შემოქმედების შეფასებისას, ჯულიო ანდრეოტი იმდენად შორს წავიდა რომ საჯაროდ გამოაცხადა: ‘’არ არის საჭირო ამდენი ბინძური საცვლების, ასე თვალსაჩინოდ გამოფენაო.’’,ის ამით მისი მემარცხენეებისადმი სიმპატიებზეც მიუთითებდა.
‘’გენერალი დე ლა როვერე’’,უკვე 50იანი წლების ბოლოს არის შექმნილი.ის უკვე როსელინის მოღვაწეობის მესამე პერიოდს განეკუთვნება. ამ დროისთვის როსელინი უკვე საკმაოდ დაშორდა მის ‘’შვილობილ’’ ნეორეალიზმს. ფილმი 1959 წელს გადაიღო,ხოლო ორი წლის შემდეგ ,1961 წელს საჯაროდ ამცნო მაყურებელს: მხატვრული ფილმი მოკვდა, ის აღარ არსებობსო.ამ სიტყვების შემდეგ,დარჩენილი ცხოვრება სატელევიზიო ფილმების შექმნას მიუძღვნა,სადაც ასევე რევოლიუცია მოახდინა და მისი სატელევიზიო და დოკუმენტური ფილმები ამ ჟანრის უმაღლეს სტანდარტს დღემდე განსაზღვრავს.’’გენერალი დე ლა როვერე’’ კი გახლავთ სამხედრო-ისტორიული დრამა,მას ვერ მივაკუთვნებთ ნეორეალიზმის შედევრთა რიგს.მიუხედავად ამისა,ფილმში ნათლად ვხედავთ ავტორისთვის დამახასიათებელ, შემაშინებლად ხელშესახებ უნარს ადამიანის ტრაგედიის გადმოცემისა.
ფილმი ‘’გენერალი დე ლა როვერე’’, 1959 წლის ვენეციის კინოფესტივალის, ოქროს ლომის მთავარი პრიზის მფლობელია.ეს კიდევ უფრო დიდი წარმატება გახლდათ ევროპული კინემატოგრაფის იმ ოქროს ხანაში, ვიდრე დღეს იქნებოდა.მაშინდელი ევროპული კინოინდუსტრია, არ იყო განებივრებული მატერიალური მხარდაჭერით და გამონაკლისი არც როსელინი ყოფილა. მიუხედავად ამისა, იმ ხანაში შექმნილი შედევრები, დღემდე ევროპული კინემატოგრაფის უდავოდ საუკეთესო შემოქმედებაა.ამ დაბრკოლებას,როსელინის კარიერის არც ერთ ეტაპზე არ შეუშლია ხელი შეექმნა ფილმები,რომლებიც სამუდამოდ დარჩება კინოს ისტორიაში. ეს არც არის გასაკვირი რეჟისორისგან,რომელმაც ასე უპასუხა,როდესაც ჰკითხეს,თუ რატომ ამბობდა უარს ჰოლივუდში შემოქმედების გაგრძელებაზე: ‘’ჰოლივუდი,ოქროს გალია იქნება ჩემი შემოქმედებისა და შთაგონებისთვის’’. ფილმი გადაღებულია 33 დღეში და დამონტაჟებული 10-ში,რადგან ავტორს სურდა ვენეციის კინოფესტივალზე მისი წარდგენა მოესწრო,დრო კი არ იცდიდა.
ფილმის სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ვითარდება.ეს არის პერიოდი, როდესაც მუსოლინი უკვე გადაყენებულია იტალიის მეფის, ვიტორიო ემანუელეს მიერ და დროებით მთავრობას, მარშალი ბადოლიო ხელმძღვანელობს. სამხრეთ იტალია მოკავშირეებმა დაიკავეს, ხოლო ჩრდილოეთი გერმანიის ოკუპაციის ქვეშ მოექცა. მოკავშირეების ჯარების მიერ ჩრდილოეთით წარმატებული კამპანიის წარმოების კვალდაკვალ, კოლაბორანტები და ფაშისტური რეჟიმის ყოფილი მხარდამჭერებიც ჩრდილოეთისკენ მიიწევენ. ბევრ მათგანს, სამართლიანი შურსძიების შიშით, გერმანელების მიერ ოკუპერუბლ ნაწილში გადასვლა ურჩევნია,მსობლიერ ქალაქებში დარჩენას. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ფილმის მთავარი გმირი ბატონი ბარდონე, რომელიც გენუაში გვევლინება. ბარდონე თაღლითი, კოლაბორანტი და მოხერხებული მატყუარაა, რომელიც სხვადასხვა მაქინაციებით, ახალგაზრდა ქალბატონების, დაპატიმრებულების ოჯახების მოტყუებითა და აზარტული თამაშებით ირჩენს თავს.
ფილმის დასაწყისშივე,ნათლად, თითქოს მსუბუქად,მაგრამ სულმდაბლობის ოსტატური გადმოცემით გვამცნობს რეჟისორი მთავარ გმირს. მისი მლიქვნელური სცენა, გერმანელი ოფიცრის გაცნობისას კი სევდიანი, სამხრეთული იუმორით ფრთხილად არის შეზავებული. ‘’რა საშინელი ამინდია, სამაგიეროდ დღეს არ დაგვმბობავენ’’, ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე გოგონა,გვაჩვენებს რა მისი მდგომარეობის უმწეობას, და ამავდროულად მცდელობას შეინარჩუნოს მცირე იმედი და იუმორის გრძნობა. როსელინი, ომის უბედურებასა და თანამდევ ტრაგედიებს მის ნამუშევრებში განსაკუთრებით შთამბეჭდავად,ქალის სახით გვახსენებს.ომისგან დატანჯული, ჭირისუფალ და უიმედოდ დარჩენილი ქალების სახეებს მის ფილმებში განსაკუთრებული ადგილი უკავიათ.საკმარისია გავიხსენოთ მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული სცენა,ანა მანიანის მონაწილეობით ფილმში ‘’რომი ღია ქალაქი’’.ასევეა ამ ფილმის საწყის სცენებში და შემდგომშიც, როდესაც ვხვდებით არა ერთი დედის, მეუღლის და სხვა ოჯახის წევრი ქალბატონების ომისგან გაუბედურებულ სახეებს.მიუხედავათ ტრაგიკული კონტექსტისა, როსელინი ყველა მათგანს უნარჩუნებს გარკვეულ ელენგანტურობას,მომხიბვლელობას და ღირსებას,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ეს ჭირისუფლებს ეხებათ.
ფილმის მთავარ გმირს თავად ვიტორიო დე სიკა თამაშობს - კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დიდი რეჟისორი. მიუხედავად იმისა,რომ დე სიკას არაერთ ფილმში აქვს ნათამაშები, ეს მისი საუკეთესო ფილმია, როგორც მსახიობი ვიტორიე დე სიკასთვის.არ უნდა დაგვავიწყდეს ხაზგასმა - როგორც მსახიობისთვის,რადგან 1959 წელს, როდესაც დე სიკა ამ ფილმში თამაშობს , ის უკვე ერთ-ერთი უდიდესი რეჟისორია - როსელინის მხარდამხარი, ნეორეალიზმის ფუძემდებელი და პირველი არაინგლისურენოვანი რეჟისორი, რომელმაც ოსკარი მიიღო!(1946 წელს). დე სიკა იმდენად გენიალურად განასახიერებს თავის გმირს, რომელიც ფილმის ბოლომდე განკიცხვის მეტს არაფერს იმსახურებს,რომ მაყურებელი, რომელმაც არ იცის თუ როგორი გარდასხვა ელოდება მთავარი გმირისა, ზიზღნარევი სიმპატიით განეწყობა მის მიმართ. რეჟისორის მთავარი ჩანაფიქრიც ხომ ეს არის - მთელი ფილმი თვალი ვადევნოთ ანტიგმირს, მაგრამ რაღაც გვაგრძნობინებდეს, რომ ბოლოს ის თავს სულ სხვაგვარად წარმოაჩენს. მთელ ფილმს გასდევს ეს განცდა, რადგან ის ოსტატურად დააქვს თან ვიტტორიო დე სიკას - ღრმად ჩამალული მის არსებაში, მაგრამ ეკრანიდან საგრძნობი. ეს არის სიყალბის ისეთი გალანტურობით თამაში,რომლის მსგავსიც ალბათ არც მოიძებნება არც ერთ სხვა ფილმში. სწორედ ამ სიყალბის გალანტურად თამაშით აქცევს ვიტორიო დე სიკა რეჟისორის ჩანაფიქრს რეალობად - გვაჩვენოს ადამიანის ევოლოცია კონფორმიზიდან გმირობამდე ისე, რომ მისდამდი თავიდანვე შერეული გრძნობებით განვეწყოთ. ზუსტად ამიტომ, უდაოდ ღირს ამ ფილმის ყურება ორჯერ, ერთხელ, როდესაც მიჰყვები სიუჟეტს და გული გიგრძნობს,რომ ფილმის მთავარი ანტი-გმირი, ნამდვილი გმირი გახდება, და მეორეჯერ,როდესაც იცი გმირული დასასრულის შესახებ. სწორედ მეორედ ყურებისას ხდება კიდევ უფრო ნათელი, თუ რა ოსტატურად ატარებს დე სიკა გულის სიღრმეში იმ ღირსებას, რომელიც ფილმის დასასრულს უნდა წარმოაჩინოს.
ფილმში ვხედავთ უამრავ სტატიკურ სცენას, სადაც მაყურებელი თავს უდაოდ იგრძნობს ამ სცენების ცოცხალ შემსწრედ. საოკუპაციო ადმინისტრაციასთან მოსული მთხოვნელები, ვახშმის სცენა, როდესაც ბარდონე ცდილობს ყალბი სამკაულის გაყიდვას,სცენას კაფეში, სადაც ის მორიგ მსხვერპლს - დაპატიმრებული ჯარისკაცის დედის და მეუღლის მოტყუებას ცდილობს.მსგავსი სცენები, იმდროინდელი იტალიური ფილმებისთვის დამახასიეთებელი ბუნებრივობით და გასაოცარი ხელშესახეობის განცდით გამოირჩევა.
ფილმის პირველი ნახევარი, მთლიანად ეძღვნება დე სიკას გმირის თაღლითურ და სულმდაბლურ საქმიანობას და მხოლოდ მისი დაპატიმრების შემდეგ იწყება პერსონაჟის ეტაპობრივი,არც თუ ისე სწრაფი ევოლუცია ანტი-გმირობიდან გმირობისაკენ.
დაპატიმრების შემდეგ, როდესაც გამოაშკარავდება მისი თაღლითური საქმიანობა, ის მიიღებს წინადადებას გერმანელი ოფიცრისგან,სამსახური გაუწიოს გესტაპოს პარტიზანების ჯგუფის გაშიფვრაში. ამისათვის კი მისი ფიზიკური მსგავსება უნდა გამოიყენონ ნამდვილი გენერალ დე ლა როვერესთან,რომელსაც სულ რამდენიმე დღით ადრე კლავენ, მიუხედავად იმისა, რომ გესტაპოსთვის მისი ცოცხლად ხელში ჩაგდება აუცილებლობას წარმოადგენდა.ბარდონეს, აჯანყებულებით და პარტიზანებით სავსე ციხეში გაამწესებენ,სადაც პატიმრებს ის ნამდვილი გენერალი უნდა ეგონოთ, რომელსაც თავიანთ საიდუმლოებებს გაუმხელენ.
სწორედ საკანში იწყება ადამიანობის, სინდისის გამოღვიძება ბარდონეში. თუმცა ცხოველური შიში და თვითგადარჩენის ინსტიქტი მას ბოლო მომენტამდე სჯაბნის. თუკი მთელი ფილმის მანძილზე მას მლიქვნელობით და თაღლიღობით გამორჩენის მიღება ამოძრავებდა, ახლა მის წინაშე უკვე ეგზისტენციალური საფრთხეა. ახლა მას უკვე გაცილებით უფრო დიდი ადამიანური ინსტიქტი აქვს თავის თავში დასამარცხებელი, ვიდრე მხოლოდ გამორჩენის მიზნით თაღლითობისას ამოძრავებდა. პირველი ძვრა მასში მისი საკნის კედლებზე ამოკითხული,დახვრეტილი პარტიზანების წარწერების კითხვისას იწყება. თუკი ის აქამდე გარკვეულ კომფორტს გრძნობდა არაკეთილსინდისიერი გზით თავის გატანისას ოკუპირებულ გენუაში, ახლა მარტოა დარჩენილი და თანამემამულეების სიკვდილს და ტანჯვას მის გვერდით დაუდევს ბინა, მისსავე საკანში, სიკვდილმისჯილების მიერ კედლებზე გაკეთებული წარწერების სახით.ის, რომ მას ახლა არა მხოლოდ საკუთარი უნებისყოფობა და თაღლითური ბუნება აქვს გადასალახი, არამედ ცხოველური შიში სიკვდილისა, ნათლად ჩანს ეპიზოდში, როდესაც ციხეში დაბომბვის გამაყრუებელი ხმა გაისმის. ამით რეჟსორი გვაჩვენებს, რომ ბარდონეს უკვე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის აქვს ბრძოლა დაწყებული, რაც ემატება მის ისედაც კომფორმისტულ ხასიათს. ამავდროულად კი, გესტაპო დიდ გასამრჯელოს და შვეიცარიაში გადაყვანას ჰპირდება. ამგავრი წინადადებისგან, არათუ კოლაბორაციონისტი და გაქნილი თაღლითი, ბევრი მებრძოლიც კი ვერ შეიკავებდა თავს და ასეთი მაგალითი სამწუხაროდ არა ერთია - ყველა ომისა ნებისმიერ ისტორიულ პერიოდში.
ბარდონეს შეგნებაში გარდამტეხი მომენტი მოგვიანებით დგება, მაშინ, როდესაც ნახავს თუ როგორ გარდაიცვალა მისი ციხის ნაწამები დალაქი. ‘’ღმერთო ჩემო,ამას რას ჩავდივარ’’ ამბობს ბარდონე დალაქის გარდცვალების შემდეგ,რომელსაც გესპტაპო პარტიზანების ვინაობის გათქმას აიძულებდა.ამ სცენის ყურებისას, დაკვირვებული თვალისთვის ნათელი ხდება, რომ ბარდონე თუ გმირად არა,მსხვერპლად მაინც მოგვევლინება ფილმის დასასრულს.
თანაგრძნობა, რასაც დოსტოევსკი ადამიანობის უმაღეს გამოვლინებას უწოდებს,ბარდონეს გულში მაშინ გაიღვიძებს საბოლოოდ,როდესაც ნამდვილი გენერლის მეუღლის მიერ დაწერილი წერილს იხილავს. უსმენს რა ის ნამდვილი გენერლის მიერ მოწერილ წერილს ‘’მისდამი’’, რომელსაც მას მედილეგე უკითხავს, ის საბოლოოდ ითავისებს საკუთარ სულმდაბლობას,მითუმეტეს გენერლის მეუღლისა და მისი ოჯახის მამაცი სულისკვეთების ფონზე.
თითქმის უკვე სახეცვლილი, შინაგანად გარდასახული ბარდონე სიკვდილმისჯილთა საკანში გადაჰყავთ. გადაჰყავთ არა იმიტომ, რომ დასაჯონ, არამედ იმის იმედად, რომ მას პარტიზანების ერთ-ერთი ლიდერი მის საიდუმლო ვინაობას გაანდობს. ბარდონემ იცის, რომ მას დახვრეტას არავინ უპირებს, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია მაყურებლისთვის, არის თუ არა მასში სრული გარდატეხა მომხდარი,საკმარისია თუ არა მასში მომხდარი გარდასახვა გაუძლოს კიდევ ერთ გამოცდას.ნამდვილი გენერალი დე ლა როვერეს მეუღლის მიერ მიღებული წერილის შემდეგ,მასში სინდისმა კი გაიღვიძა,მაგრამ თვითგადარჩენის ცხოველურ შიშს დაამარცხებს თუ არა, ეს მხოლოდ მისი ფსკერიდან მორალურ პიედესტალზე აღზევების შემდეგ გახდება ცნობილი მაყურებლისთვის.
ბარდონე უარს ეუბნება გესტაპოს ოფიცერს საიდუმლოს განდობაზე და წერს წერილს ნამდვილი გენერლის სახელით, გენერალი დე ლა როვერეს მეუღლის და ოჯახის სახელზე. ზუსტად ისეთს, როგორიც ნამდვილ გმირ ჯარისკაცს შეეფერება, სთხოვს ოფიცერს წერილი გენერლის ოჯახს გადასცეს და საკუთარი ფეხით ადის დასახვრეტ პლაცზე.მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია დაეთანხმოს გესტაპოს ოფიცერს,ამაყად და მტკიცედ მიაბიჯებს სიკვდილისკენ არა ტრაგიკული, არამედ გაბრაზებული სახით, თითქოს თავის თავს დაგვიანებული გმირობისთვის საყვედურობდეს! ეს უკანაკნელი სცენა, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავია როსელინის შემოქმედებაში, ვიტორიო დე სიკა კი შეუდარებელია როდესაც ის მაყურებელს თითქის ნიშნის მოგებით უყურებს, გერმანელი ოფიცრის გვერდით მდგომი.უყურებს და თითქოს მაყურებელს ეუბნება, ხომ ხედავთ, რა მწარედ სცდებოდით ჩემშიო!
ბარდონე როგორც ზნედაცემული თაღლითი მოგვევლინა და გვემშვიდობება როგორც ნამდვილი მხედარმთავარი, შეიძლება კიდევ უფრო დიდი გმირული სულის პატრონი,ვიდრე ნამდვილი გენერალი, რომელსაც ის განასახიერებდა.მის საბოლოო სცენაში, ის ზედმეტი ტრაგიზმის გარეშე, მარტივი და ამავე დროს შთამბეჭდავი ზედხედი კადრით მიდის დასახვრეტად გამზადებულ თანამემამულეებთან - ასე ასრულებს ავტორი ბარდონეს გზას კონფორმიზმიდან გმირობამდე. თითქოს ხელის ერთი მოსმით, ერთი საბოლოო სცენით, ის სირცხვილს წმენდს ათასობით კოლაბორანტს და მის ქვეყანას ფაშისტურ წარსულს.
ფილმის მთავარი გზავნილი კი გესტაპოს ოფიცრის უკანსკნელ სიტყვებშია: როდესაც მას ეუბნებიან, რომ ბარდონე მეათე იყო ვინც დახვრიტეს და ეს შეცდომაა,რადგან დასახვრეტი მხოლოდ 9 ტუსაღი იყო. ‘’არა, ეს ჩემი შეცდომაა’’ პასუხობს გესტაპოს ოფიცერი და ნათელია, რომ ის თავის ‘’შეცდომაში’’ არა დასახვრეტთა რაოდენობას, არამედ მის მიერ ბარდონეს ადამიანობისა და ხასიათის არასწორად დანახვას გულისხმობს.
ადამიანში სინდისის გაღვიძებიდან გმირობამდე ერთი ნაბიჯია,სწორედ ამაში გვარწმუნებს რობერტო როსელინი თავისი მორიგი შედევრით, და ვიტორიო დე სიკა მისი გმირის გენიალური განსახიერებით ფილმში ‘’გენერალი დე ლა როვერე’’.
ავტორი: ანზორ ბურჯანაძე
0
0