
საქართველოს პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც საკუთრების უფლების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ვაჟა მანიას უსმენენ. ვაჟა მანია 2 000 წლიდან გელა ნიორაძისა და ნათია ჯიმშელეიშვილის კომპანიების იურიდიულ ინტერესს იცავს.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, ნიორაძესა და ჯიმშელეიშვილს სხვა მეწილეებთან ერთად ჰქონდათ შპს „ნატვრის ხე“, რიყის ტერიტორიაზე სამსართულიანი რესტორანი, რომლითაც „ნაცმოძრაობის“ მთავრობა დაინტერესდა.
ვაჟა მანიას განცხადებით, რამდენიმე მცდელობის შემდეგ საქმეში ჩაერთო პროკურატურის თანამშრომელი ჯონი მაჭარაშვილი, რომელმაც გელა ნიორაძეს განუცხადა, რომ რიყის ქონებას ხუთ დღეში თუ არ დაცლიდნენ, მის მეუღლეს დაიჭერდნენ და რიყის აღნიშნული ქონება საქმის მოგვარებას აღარ ეყოფოდა.
„2006 წლის ოქტომბრის თვეში გვირეკავს ვინმე ზვიადი, რომელიც გვეცნობა, რომ ის არის ქალაქ თბილისის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელი, გვიბარებს მიცკევიჩის ქუჩის ბოლოში, კუთხეში მდებარე შენობაში, იქ ისხდნენ ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები და განგვიცხადა, რომ რიყის ტერიტორია ხუთ დღეში უნდა დაცალოთ, ამით დაინტერესებულია მთავრობა და ეს არის ნგრევის ზონაში მოქცეულიო, რაზეც ჩვენ მყისიერი უარი განვუცხადეთ. კომპანიაში ყველაფერი იყო კანონიერად, მიწაც სახელმწიფოსი იყო, უზუფრუქტით, მაგრამ ესეც ყველა კანონის დაცვით იყო წარმოებული. ვუთხარით უარი, რის შემდეგაც, როგორც ჰქონდათ აპრობირებული, ერთვებიან საქმეში პროკურატურის თანამშრომლები. ვინმე ჯონდო, ჯონი მაჭარაშვილი იბარებს გელა ნიორაძეს ქალაქის პროკურატურაში და ემუქრება ნათია ჯიმშელეიშვილის დაჭერით და თან უხსნის, რომ შენს მეუღლეს თუ დავიჭერთ, მაშინ ეს რიყის ქონება ამ საქმის მოგვარებას არ ეყოფაო. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაჭარაშვილი მოდის მათ კუთვნილ სახლში, ვაკეში და იქ აგრძელებს ამ მუქარას, რომ მისი მეუღლის საბაბი, რისთვის უნდა დაიჭიროს, არ არსებობს. საქმე იმდენად რეალური იყო, ცოტა ადრე მათ ჰყავდათ ბიზნესმენი ქალი დაკავებული აბსურდული ბრალდებით, ქვეყნის ფული ჩაატანინეს და მერე გამოუშვეს. ჩვენ აღვიქვით, რომ ეს რეალური იყო“, – განაცხადა ვაჟა მანიამ.
ამასთან, როგორც ვაჟა მანიამ განაცხადა, დაიბარეს ცნობილი ნოტარიუსის, ნინო გინტურის ბიუროში, სადაც პროკურატურის თანამშრომელი ჯონი მაჭარაშვილი დახვდათ.
ვაჟა მანიას თქმით, ჯონი მაჭარაშვილმა კომპანიის დირექტორს, ლაშა შაკაიას დაემუქრა, რომ ჭკვიანად თუ არ იქნებოდა, სანოტარო ბიუროს გარეთ ელოდებოდა მანქანა, რომელიც შესაბამის ადგილზე წაიყვანდა.
„საღამოს საათები იყო, 2006 წლის 30 ოქტომბერს ცნობილი ნოტარიუსის ნინო გინტურის ბიუროში დაგვიბარეს, ბინდდებოდა. დაგხვდა მაჭარაშვილი, რომელმაც აღმზრდელობითი სამუშაო ჩაუტარა, როგორც კომპანიის დირექტორს, ისე ქალბატონ ნათიას და მის პარტნიორს, რომ ნოტარიუსთან ჭკუით მოქცეულიყვნენ, რომ ყველაფერი უკვე შეთანხმებული იყო და აქ არანაირი ლაფსუსი არ უნდა დაშვებულიყო ხელშეკრულების გადაფორმების დროს. თავიდანვე შეახსენა, თუ – არა, კი იცით, რაც დაგემართებათო. ხელშეკრულებას როცა აფორმებდნენ, კომპანიის დირექტორმა, ლაშა შაკაიამ უთხრა, კი ვაფორმებთ ამ ხელშეკრულებას, მაგრამ აქ რომ წერთ 500 000 აშშ დოლარის ღირებულებას, ხომ ვიცით, რომ რეალური ღირებულება 6-ჯერ აღემატება 500 000-ს. მოდი, რეალური ფასი ჩავწეროთ ამაში, რადგან ლაშაც ფიქრობდა და ჩვენც ვფიქრობდით, რომ ოდესმე მოვიდოდა დრო, როდესაც ამის ლაპარაკის საშუალება გვექნებოდა. მაჭარაშვილმა უთხრა, რომ ჭკვიანად თუ არ მოიქცეოდა, მას ელოდებოდა გარეთ მანქანა, რომლითაც მიაბრძანებდა სადაც საჭირო იყო და ვინც გარეთ დარჩებოდა, ნოტარიუსის ბაჟსაც მათ გადაახდევინებდნენ. ასე გადავაფორმეთ ეს რიყის ქონება“, – განაცხადა ვაჟა მანიამ.
0
0
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს
23/06/2025