
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა „რიყის დოქები“ გაყიდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, მისი მფლობელია შპს „რიყე დომ“.
როგორც BPN-ი წერს, სამეწარმეო რეესტრიდან ჩანს, რომ „რიყე დომ“ 2025 წლის მარტში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ ნ.გ.ბ“, ხოლო დირექტორია მიხეილ ტყეშელაშვილი. თავის მხრივ, შპს ,,ნ.გ.ბ.” - მესაკუთრე და დირექტორი თორნიკე კოპალიანია.
უძრავი ქონების რეესტრის მიხედვით, ახალმა მესაკუთრემ მისი ღირებულება განვადების წესით უნდა დაფაროს. „მყიდველს უფლება არ აქვს გამყიდველის თანხმობის გარეშე ნასყიდობის საფასურის გადახდამდე იპოთეკით დატვირთოს ნასყიდობის საგანი“,- აღნიშნულია ხელშეკრულებაში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ აუქციონზე არაერთხელ გამოტანილი „რიყის დოქები, 2022 წლის მარტში ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა 10 020 000 ლარად იყიდა. ბიზნესმენის კომპანიას 2025 წლის 24 მარტამდე 20 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და აქ ღვინის, ციფრული ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მუზეუმი უნდა გაეხსნა.
თუმცა უკვე 2022 წლის დეკემბერშივე თავად ბიზნესმენმა განაცხადა, რომ ობიექტის 50%-ს ყიდდა, თუმცა ამ დრომდე „რიყის დოქები“ სრულად კვლავ მის მფლობელობაში იყო.
0
0